რატომ დგას თბილისში ბუნებრივი აირის სუნი – “ყაზტრანსგაზი” განცხადებას ავრცელებს

თბილისში გაზის სუნის საგრძნობ მომატებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო “ყაზტრანსგაზ-თბილისი” განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ მუდმივად ხორციელდება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) დამატების საშუალებით, იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა.
„თბილისში გაზის სუნის საგრძნობ მომატებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობას გვინდა განვუმარტოთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ მუდმივად ხორციელდება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) დამატების საშუალებით, იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. ოდორიზაციის პროცესზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ, რადგან პანიკის საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნულის გამო, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის სპეციალურ ნომერზე (114), ქოლცენტრის ნომერზე (2404004), ასევე სამაშველო სამსახურის ნომერზე (112) აბონენტთა ზარებმა მკვეთრად მოიმატა. შესაბამისად, აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” გთხოვთ, აუცილებლად დაელოდოთ ოპერატორის პასუხს.

გვინდა განვაცხადოთ, რომ არც ერთი ზარი არ დარჩება რეაგირების გარეშე და კომპანიის საავარიო სამსახური უმოკლეს ვადებში მივა დაფიქსირებულ გამოძახებაზე.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას საავარიო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და გაანიავონ შესაბამისი ფართი. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები აბონენტებს უმოკლეს ვადაში, უსასყიდლოდ მოემსახურებიან”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები