მიხეილ გიორგაძე შორეთის სამონასტრო კომპლექსს მოინახულებს

 

14 სექტემბერს, 08:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე შორეთის სამონასტრო კომპლექსს მოინახულებენ.
ამჟამად მიმდინარეობს შორეთის ტაძრის აღდგენის მე-2 ეტაპი, რაც მოიცავს ტაძრის სრულ სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს:
მთავარი ტაძრის ინტერიერის, აფსიდის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავების აღდგენას; თიხატკეპნილი იატაკისა და ტაძრის დროებითი გადახურვის მოწყობას; სამხრეთ-აღმოსავლეთ ეკლესიის ფასადებისა და გადახურვის გაკეთებას; კარიბჭე-სამრეკლოს პირველი სართულის ინტერიერის აღდგენას; სამხრეთ-დასავლეთ ეკლესიის ფასადებისა და ინტერიერის აღდგენას.
მეორე ეტაპის სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში დასრულდება და მას ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი 130.000 ლარით აფინანსებს.
შორეთის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეტაპიანია. 2015 წელს ჩატარდა პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები – ძეგლის საძირკვლისა და მისი გარკვეული ნაწილების კონსტრუქციული გამაგრება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვთისმშობლის გამოსახულებიანი უნიკალური მოზაიკის გამაგრება – კონსერვაცია. შორეთის ტაძარში გასულ წელს ჩატარდა არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოებიც.
მესამე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლისთვისაა დაგეგმილი.
შორეთი – შორეთის სამონასტრო კომპლექსი VI-VII – XV საუკუნეების (ძეგლის მკვლევარის, მ. დათუკიშვილის მოსაზრებით) კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავი ძეგლი, კედლის მოზაიკით შემკული სამონასტრო ორსართულიანი ლავრაა, სამრეკლოთი, სკრიპტორიუმით, მცირე სამლოცველოიანი ციხით და კლდეში ნაკვეთი სენაკებით. მდებარეობს ასპინძის რაიონში, სოფელ ოთასთან 5 კმ-ში. ძეგლი მრავალჯერ გადაკეთებული რთული არქიტექტურული ნაგებობაა. მთავარი ეკლესია VI-VII სს-ების საკულტო ნაგებობის (სავარაუდოდ, ქრისტიანული ეკლესიის) ნაშთებზეა აგებული, რასაც მოწმობს ორივე საძვალისა და სატრაპეზოს კედლების წყობა და საკურთხევლის ქვეშ კარებში ჩაშენებული ქვის სვეტი სტილიზებული ჯვრით. მთავარი ეკლესია -ორეკლესიანი ბაზილიკა – საკმაოდ ძველია და შესაძლოა არაუგვიანეს IX – X საუკუნეებით დათარიღდეს. XII-XIII საუკუნეში ის სავარაუდოდ გააფართოვეს და გადააკეთეს მონასტრად – სამხრეთიდან და დასავლეთიდან მიაშენეს მცირე ეკლესია და სკრიპტორიუმი. XIV-XV ს-ში მიაშენეს კარიბჭე, სამხრეთიდან საძვალეზე დაშენებულია რეკონსტრუირებული ეკლესია და სამრეკლო.
ძეგლზე არსებული მდგომარეობა: ძეგლის მდგომარეობა იყო უმძიმესი – სახურავი მრავალ ადგილას იყო ჩამოქცეული, ნადგურდებოდა ფრესკები და უნიკალური მოზაიკა. კედლები იყო დაბზარული. 1987-2009 წლებში ჩატარებულია გაწმენდითი სამუშაოების 80% და პირველი სართულის გასამაგრებლად ნაწილობრივ მიღებულია პირველადი ზომები – კირის ტრადიციული დუღაბით შევსებული და კონსერვირებულია საძირკვლის ყველაზე ავარიული მონაკვეთები; რკინის სალტეებით შეკრულია გაბზარული კაპიტელები, რაზეც დგას სამრეკლოს პირველი სართულის თაღი; დაზიანებულ მონაკვეთებში ეკლესია და ეკვდერები დროებით ხის ფიცრებითაა გადახურული.
ამ ღონისძიებებმა ცალკეულ უბნებზე დროებით შეანელა ნგრევის პროგრესირება.
მნიშვნელოვანია შორეთის მონასტრის კედლებზე შემორჩენილი შუა საუკუნეების ლაპიდარული (კედელზე შესრულებული) მრავალი საინტერესო წარწერა, რომელიც ისტორიულ ცნობებს შეიცავს. აგრეთვე, უმნიშვნელოვანესია აქ არსებული მოზაიკური მხატვრობის ფრაგმენტები, რომელიც იშვიათია ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში და შემორჩენილია წრომში, გელათში, მარტვილსა და შორეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები