ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა

ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის მმართველი საბჭო ევროპარლამენტში არსებული ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფის წევრებს აერთიანებს.
საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს მეგობრობის ჯგუფის დაარსებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ჯგუფი დიდ წვლილს შეიტანს ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებაში.
ჯგუფის თანათავმჯდომარის ევროპარლამენტარ კლერ მუდის განცხადებით, ჯგუფის საქმიანობის მთავარი მიზანი იქნება იმ კავშირების გამყარება, რაც უკვე არსებობს ევროკავშირს, ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის.
„ჩვენ ვაერთიანებთ წარმომადგენლებს ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, რათა ხელი შევუწყოთ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პირობის შესრულებას, ამაში კი ევროპარლამენტის გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში არსებული კავშირებიც დაგვეხმარება”, – განაცხადა მუდმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. მათ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები