ირაკლი კობახიძის თქმით, ინფორმაციამ რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობას გეგმავს, ამავე პარტიიდან გამოჟონა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფორმაციამ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობას გეგმავს, ამავე პარტიიდან გამოჟონა. როგორც კობახიძემ “რუსთავი 2“- ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება ხელისუფლების ინტერესებშია და ის ყველაფერს გააკეთებს, რათა პროვოკაციები თავიდან იქნეს აცილებული.
კობახიძის განცხადებით, პარტიის მიერ დაგეგმილ პროვოკაციასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს კონკრეტული ინფორმაცია,თუმცა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
„გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მზადდება გარკვეული ქმედებები, რომელიც ხელს არ შეუწყობს საარჩევნო პროცესების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებთ, კონკრეტიკისგან, ამის გასაჯაროებისგან, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას , ჩვენ ვცდილობთ, მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პროვოკაციების თაობაზე. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ როგორც კი გვექნება ინფორმაცია ამ პროვოკაციების შესახებ, მაშინვე მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენ ჯერჯერობით კონკრეტიკისგან თავს ვიკავებთ , გარდა იმისა, რასაც ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ, არაერთგზის განვაცხადეთ, უკვე შემდგარი პროვოკაციების თაობაზე, ეს პროვოკაციები დაწყებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს ყოველგვარი ინციდენტების პრევენცია. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები. მოგეხსენებათ, როდესაც პროვოკაციები იგეგმება პოლიტიკურ პარტიაში, კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობაში“ , იქ ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ ყველაფერში და ინფორმაცია ჟონავს, მითუმეტეს, იმ მძიმე გარემოში , რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ შიგნით აქვს. დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს პარტიის შიგნით, აქტივში აქვს პრობლემები და მარტივად ჟონავს ინფორმაცია იმ პროვოკაციების თაობაზე, რომლებიც მათ ოფისებში იგეგმება. აქედან ვიღებთ ჩვენ ინფორმაციას და არა სამართალდამცავი უწყებებიდან“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები