თურქეთმა აშშ-ს გიულენის დაკავების ოფიციალური განაცხადი გაუგზავნა

თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ აშშ-ის იუსტიციის უწყებას ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის დაკავების ოფიციალური განაცხადი გაუგზავნა. თურქეთის ხელისუფლება გიულენს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.  ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამერიკის მხარისგან განაცხადის მიღების ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ არის. გიულენი ამჟამად პენსილვანიის შტატში ცხოვრობს.
მანამდე თურქეთი გიულენის ექსტრადიციას მოითხოვდა, აგვისტოში კი სტამბოლის სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.
თურქეთში ვიზიტის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის გიულენთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციას გაგებით ეკიდება, მაგრამ აშშ ამ საკითხში საკუთარ კანონებს დაიცავს.
„ბი-ბი-სი“ იუწყება, რომ თურქეთში სამხედრო ამბოხების შემდეგ 60 ათასამდე ადამიანია დაკავებული, მათ შორის სახელმწიფო მოხელეები, სამხედროები, მოსამართლეები და უმაღლესი სასწავლებლების ლექტორები არიან. ათიათასობის ადამიანმა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის გამო სამსახური დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები