გუგული მაღრაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობის და ნონ-დისკრიმინაციის კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის წევრი, გუგული მაღრაძე ახლახან პარიზიდან დაბრუნდა, სადაც როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობის და ნონ-დისკრიმინაციის კომიტეტის წევრი, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდა.
კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ევროპასა და მთელს მსოფლიოში არსებული ისეთი მწვავე საკითხები, როგორიცაა: კიბერ-დისკრიმინაციის და სოციალურ მედიაში სიძულვილის გამოვლენისა და ტირაჟირების წინააღმდეგ ბრძოლა, ბოშების და სხვა ე. წ. მოხეტიალე ჯგუფების უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში ჩართულობის ხელშეწყობა, საჯარო სივრცეში ქალთა უფლებების დაცვა და ეკონომიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერება.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სხდომაზე, საკუთარი ხედვები წარადგინა გუგული მაღრაძემ. „საინფორმაციო ტექნოლოგიების გავრცელებას თან მოჰყვა ბევრი უარყოფითი პრობლემის წარმოშობა, მაგრამ პროგრესის შეჩერება შეუძლებელია. ამიტომ, ამ სფეროებში არსებული გამოწვევების დაძლევაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისევ ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებაზე, სოციალურ მედიაში ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის, პერსონალური ინფორმაციის გავრცელების, იმთავითვე ამორალური ინფორმაციის გამრავლების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
სხდომაზე განსახილველი მეორე საკითხი, რეზოლუციის მუხლს ეხებოდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ვალდებულების დაკისრების შესახებ ბოშათა და სხვა მოხეტიალე ჯგუფების ჩართულობით მათი საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის საკითხებში.
როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ადგილობრივი თვითმმართველობებს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. ამიტომ მისი და სხვა დეპუტატების მოთხოვნით ეს მუხლი შეიცვალა.
საინტერესო დისკუსია გაიმართა საჯარო სივრცეში ქალთა უფლებების დარღვევის გარშემო, რაც დასავლეთ ევროპაში მიგრანტთა დიდი ნაკადების შემოსვლის შემდეგ განსაკუთრებით გახშირდა. გუგული მაღრაძის თქმით, საფრანგეთის მთავრობის მიერ საჯარო სივრცეში ჩადრით სიარულის აკრძალვამ მწვავე დებატები გამოიწვია, რომელსაც როგორც კრიტიკოსები, ისე დამცველები ჰყავს.
დისკუსიისას, მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებზე ხდებოდა ხაზგასმა, რაც გუგული მაღრაძის გამოსვლაში მიჩნეული იქნა საკითხის არასწორად დასმად. „ერთია სხვადასხვა რელიგიის ადამიანთა უფლებების დაცვა და სხვაა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქცევის წესები, რაც დადგენილია და რისი დაცვაც საჭიროა ყველა იმ ადამიანის მიერ, ვინც ამ საჯარო სივრცით სარგებლობს”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ. ამ კონტექსტში მან რელიგიური იდენტურობის და სეკულარულ საზოგადოებაში არსებული ნორმების ურთიერთმიმართებაზე ვრცლად ისაუბრა.
სხდომაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა ეკონომიკაში ქალთა ჩართულობა იყო. როგორც აღინიშნა, ეს საკითხი ყველგან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც უმუშევრობა და სიღარიბის მაღალი დონეა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნაკლებად გამოხატულია ქალთა პირდაპირი დისკრიმინაცია, ადგილი აქვს ფარულ დისკრიმინაციას და ე.წ. მინის ჭერის არსებობას, რაც პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალების აქტიურ მონაწილეობას აფერხებს. ამის გარეშე ძნელი იქნება რეალური სწრაფი განვითარების მიღწევა, რაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა. ამიტომ ეს საკითხი გამუდმებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
დასასრულს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობის და ნონ- დისკრიმინაციის კომიტეტის შემდეგ სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა და კომიტეტის გარე ღონისძიებები განისაზღვრა, რომელშიც კომიტეტის წევრთა მონაწილეობაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები