„… დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – პროექტი დღეს სიონის ტაძრის ეზოდან დაიწყება

 

12 სექტემბერს, 13:00 საათიდან დაიწყება პროექტი სახელწოდებით „… დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“. ღონისძიება უკვე მესამე წელია იმართება და მისი ავტორი და ხელმძღვანელია რეჟისორი, საშემსრულებლო ხელოვნების მაგისტრი, ახალგაზრდული შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის” წარმომადგენელი გიორგი სავანელი. პროექტის მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
როგორც „კვირას“ პროექტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, აღნიშნული ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელის, იდეების და მიზნების უკვდავსაყოფად ხორციელდება. მათი სურვილია, 12 სექტემბერის საჯაროდ ხსენება თუ აღნიშვნა  საზოგადოებრივ ტრადიციად იქცეს ქართულ საზოგადოებაში, როგორც ეროვნული და მოქალაქეობრივი პოზიციისა თუ მოვალეობის გამოხატულება. ილიას გზის მნიშვნელობა და უალტერნატივობა, ილიას ფენომენის, მისი მოღვაწეობის მუდმივი ხსოვნისა და მისი ზნეობრივ ორიენტირად ქცევის მნიშვნელობა კი საზოგადოების ყველა ფენისათვის, უდავოდ პრიორიტეტულია.

13:00 საათზე  პროექტი  სიონის ტაძრის ეზოში გაიხსნება.  (საიდანაც გამოასვენეს ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 9 სექტემბერს – ძვ.სტლ.). ღონისძიების ორგანიზატორები (ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის და მხარდამჭერი უწყებისა თუ კომპანიის წარმომადგენლები) საზეიმოდ გახსნიან ღონისძიებას. სიტყვით გამოვლენ სალიტერატურო-სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდი შეასრულებს ილიას ლექსზე შექმნილ სიმღერას.

14:00 – მსვლელობა – შეკრებილი საზოგადოება/პროცესია სიონის ტაძრიდან ფეხით გაემართება მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისაკენ, იმ გზაზე, რა გზითაც ილიას ცხედარი ააბრძანეს მთაწმინდაზე. გზად მსვლელობის პროცესს ფონად გაჰყვება ილიას ნაწარმოებების უნიკალური ჩანაწერები, წაკითხული ქართული თეატრის კორიფეების მიერ (რასაც რეპროდუქტორში მოისმენს ნებისმიერი გამვლელი).

15:00 – მთაწმინდის პანთეონში მოძღვარი გადაიხდის ილიას სულის მოსახსენიებელ პარაკლისს. მთაწმინდის პანთეონში, ილიას საფლავთან გაიმართება მხატვრულ-თეატრალიზებული კომპოზიცია – კოსტიუმირებული დადგმა ილიას მკვლელობის თემაზე. დადგმაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები.

17:00 – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სადღესასწაულო დარბაზში გაიმართება წიგნის „საუკუნის მკვლელობა – გზა ილიასი“ (ახალი პიესა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თემაზე) პრეზენტაცია.
წარმოდგენილი იქნება ზემოხსენებული პიესის თეატრალიზებული დადგმა.

დასკვნით ეტაპზე მოხდება „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ჯილდოს წარდგინება – „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული ღვაწლისათვის“ (სკულპტურის ავტორი – მხატვარი, მოქანდაკე გია ჯაფარიძე);  პრემია პირველად მომავალ წელს გაიცემა საზეიმო ვითარებაში (სიმბოლურად ილია ჭავჭავაძის საიუბილეო 2017 წლიდან დაიწყებს ათვლას), ამავე პროექტის ფარგლებში და ყოველწლიური სახე ექნება.
პროექტში მონაწილეობენ:  ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ილიას მკვლევარი – ვახტანგ გურული; მწერლები – თინათინ მღვდლიაშვილი და ერეკლე საღლიანი; თეატრმცოდნეობის დოქტორი – გუბაზ მეგრელიძე;  მსახიობები – მარჯანიშვილის თეატრი – ნინო კობერიძე, ვალერი კორშია, თუმანიშვილის თეატრი – მანანა სურმავა, მოზარდამაყურებელთა თეატრი – საქართველოს დამსახურებული არტისტი პალიკო ნოზაძე, ქეთევან შერვაშიძე, ასმათ ქურციკიძე, დათო ხახიძე და ახალგაზრდა მსახიობები.

წელს აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება შიდა ქართლიდან დევნილი, ფრეზეთის, წილკანის და კოდის დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები 150 მოსწავლე, რომლებიც ჩაერთვებიან ღონისძიებაში და დაესწრებიან ყველა აქტივობას.
პროექტი ასევე, ხორციელდება პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით: საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“, ტელეკომპანია „ერთსულოვნება“. სოციალური ნაწილის მხარდამჭერები არიან: კომპანია „კასტელი“ და კომპანია „გეოპლანტი“ (ჩაი „გურიელი“).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები