დღეს, ლევან გოთუას სკვერში, ლევან გოთუას ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური მონუმენტი გაიხსნება

12 სექტემბერს, 13 საათზე, ლევან გოთუას ქუჩაზე, მწერლის სახელობის სკვერში ლევან გოთუას ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური მონუმენტი ოფიციალურად გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ლევან გოთუას ძმისშვილმა, მაია გოთუამ განუცხადა, ეს მონუმენტი თავიდან არმაზში, ლევან გოთუას საფლავზე იდგა. სამთავროში მწერლის გადასვენების შემდეგ კი ძეგლი, რომლის ავტორია ჯემალ თუშურაშვილი, ლევან გოთუას სახელობის ქუჩაზე დამკვიდრდება.
„2005 წლის 15 დეკემბერს, ლევან გოთუას დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის თანხმობითა და ლოცვა-კურთხევით, ბატონი ლევანის ნეშტი არმაზიდან მცხეთის სამთავროს ტაძრის შემოგარენში გადმოასვენეს. არმაზიდან ლევან გოთუას გადასვენების შემდეგ, მოქანდაკემ ძეგლი დროებით სახლში წაიღო, შემდეგ კი საზოგადოების მოთხოვნითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, გადაწყდა ამ ძეგლის ლევან გოთუას სკვერში დადგმა. და აი, მოვიდა თაობა, რომელმაც ღირსეული პატივი მიაგო დიდებულ მწერალს და მრავალი წლის შემდეგ მისი სული დააბრუნა დედაქალაქში.
ამიერიდან, ლევან გოთუას გაუტეხელი სულისა და ნიჭის დამფასებლებს საშუალება ექნებათ, ლევან გოთუას ქუჩაზე არსებულ მისივე სახელობის სკვერში აღმართულ ლევან გოთუას ხსოვნის მემორიალთან პატივი მიაგონ და მუხლი მოიყარონ სამშობლოს სიყვარულისთვის წამებული რაინდი მწერლის წინაშე.
მადლობა ქალაქის მერიას და ყველა იმ პიროვნებას, ვინც იზრუნა და ზნეობის ორიენტირი გააჩინა დედაქალაქში“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბარში ჟურნალისტმა და ლევან გოთუას დიდმა მოამაგემ, ივანე ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები