საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი პირველად სტუმრობს. ჟან-ივ ლე დრიანს ქართველი კოლეგა ლევან იზორია მასპინძლობს. მიღების ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში, საფრანგეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების ფონზე გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროში ვიზიტი მინისტრების შეხვედრით გაგრძელდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ფრანგულ მხარეს კი საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიოტი წარმოადგენდნენ.
ლევან იზორიამ ფრანგ კოლეგას საფრანგეთის მრავალწლიანი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საფრანგეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებით აღინიშნა სამხედრო განათლების მიმართულება. ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა საფრანგეთის წვლილზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებასა და განვითარებაში. მან ფრანგ კოლეგას სკოლისთვის გაწეული მატერიალურ-ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. მხარეებმა საერთაშორისო მისიებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზეც იმსჯელეს. ხაზი გაესვა ქართული სამხედრო კონტინგენტის წვლილს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში, სადაც ქართველი სამხედროები ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდნენ მისიას. მინისტრებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ქართული ოცეულის მონაწილეობის საკითხებიც განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟან-ივ ლე დრიანმა და ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. დაგეგმილია ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები