ერთადერთი ძალა, რომელსაც არჩევნების არამშვიდ გარემოში ჩატარება აწყობს, ახალი და ძველი ”ნაციონალური მოძრაობაა”

“ერთადერთი ძალა, რომელსაც არჩევნების არამშვიდ გარემოში ჩატარება აწყობს, ახალი და ძველი ”ნაციონალური მოძრაობაა”, – აღნიშნული განცხადება ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კახა კალაძემ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
”ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩვენს ოპონენტებს, რომ თავი შეიკავონ ასეთი ქმდებებისგან. მე მინდა მოვუწოდო შესაბამის სამსახურებს, რომ ყურადღება მიაქციონ და მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები, რომ ფიზიკური დაპირისპრირება არ მოხდეს. ზოგადად, როდესაც ხდება ამა თუ იმ პარტიის შეხვედრა, ვფიქრობ, რომ არ არის მიზნშეწონილი, რომ იქ რომელიმე პარტიის წარმომადგენელი მივიდეს. ეს იწვევს უსიამოვნებას, შეხლა-შემოხლას, შეიძლება მოხდეს ფიზიკური დაპირისპირებაც, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია არჩევნების მშვიდ, თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება და ამას უზრუნველვყოფთ”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, იმ ინციდენტებს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხორციელდება, ”ნაციონალური მოძრაობა” აწყობს, რაც ძალიან ცუდია.
”თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ როდესაც ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მართავს შეხვედრას, იქ ”ქართული ოცნების” წარმომადგენელი მივიდეს და იმ კონკრეტული შეხვედრის ჩაშლა სცადოს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც არჩევნების არამშვიდ გარემოში ჩატარება აწყობს, რათა შემდეგ გარედან ისაუბრონ, რომ არჩევნები არადემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს, არის ახალი და ძველი ”ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა კალაძემ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბოლო დღებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ”ნაციონალური მოძრაობისგან” პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი.
მისივე თქმით, ჯერჯერობით პროვოკაციების მასშტაბი დიდი არ არის, თუმცა დინამიკა მზარდია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროვოკაციების განსაკუთრებული კონცენტრაცია შეიმჩნევა სამეგრელოში, კონკრეტულად ზუგდიდში და აჭარაში, სადაც პარტია ”ქართული ოცნების” აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.
პარტია ”ქართული ოცნება” ”ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, „თავი შეიკავოს პროვოკაციებისა და კონტრაქციების მოწყობისგან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები