“ვფიქრობ, ღირსეულები არიან და მათ შეუძლიათ, წვლილი შეიტანონ საკონსტიტუციო სასამართლოში კრიზისის დაძლევაში”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნულ მოსამართლეებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ეკა გიგაურმა იმედი გამოთქვა, რომ ახლადდანიშნული მოსამართლეები გარკვეულ წვლილს შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოს კრიზისის დაძლევაში.
ეკა გიგაურის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო დღეს კრიზისშია და გადაწყვეტილებების გამოტანა ძნელდება.
„წარმატებას ვუსურვებ ახალ კანდიდატებს. ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატები არიან და მათ შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში, გარკვეული წვლილი შეიტანონ საკონსტიტუციო სასამართლოში კრიზისის დაძლევის საქმეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ საკონსტიტუციო სასამართლო კრიზისშია, ფაქტობრივად, ძნელდება ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება. დღესაც ვხედავთ, რომ ყველა მოსამართლე არ ესწრება ამ მნიშვნელოვან კონფერენციას. ისინი არ ესწრებიან საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერეციას. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფაქტობრივად, ეს მოსამართლეები არ თვლიან თავს ამ ინსტიტუციის წარმომადგენლებად და ძალიან ცოტას აკეთებენ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, იყოს დაცული“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.
გიგაურის განმარტებით, პარლამენტმა ერთი თვის ვადაში უნდა წარადგინოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა, თუმცა პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.
„რაც შეეხება პარლამენტის ქმედებას, მათ ერთ თვეში უნდა წარადგინონ კანდიდატი. თუ ეს არ მოხდება, იქნება კანონის დარღვევა. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაჭიანურებულია იმის გამო, რომ ისინი ცდილობენ არა მიუკერძოებელი ადამიანის პოვნას ამ თანამდებობაზე, არამედ პარტიის წარმომადგენლის არჩევას, რაც არის არასწორი თვისობრივად და რა თქმა უნდა, გავლენას მოადენს ამ ინსტიტუციის ფუნქციონირებაზე. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი შეძლებენ ღირსეული კანდიდატების მოძებნას“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა. ისინი გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ, რომლებიც თავის დროზე პრეზიდენტის ქვოტით იყვნენ დანიშნული. ამასთან, დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისთავს ეძღვნება, საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე არ ესწრება. გიორგი პაპუაშვილის განმარტებით, „ყველა მოსამართლე მოწვეულია და შეიძლება პირადი მიზეზების გამო ვერ მოვიდნენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები