ირაკლი კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობა“ არის მარგინალური პოლიტიკური ძალა

“ნაციონალური მოძრაობა“ არის მარგინალური პოლიტიკური ძალა, მხოლოდ მარგინალური ფორმებით შეეძლოთ ქვეყნის მართვა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და რეგიონებში მომხდარი პროვოკაციების რეალურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისივე განცხადებით, ამ პროვოკაციების მასშტაბი არ არის დიდი, თუმცა დინამიკა მზარდია.
“განსაკუთრებული კონცენტრაცია პროვოკაციების კუთხით შეინიშნება ორ რეგიონში, ეს არის სამეგრელოს რეგიონი, კონკრეტულად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და, ასევე, აჭარის რეგიონი, სადაც ჩვენი აქტივისტების მიმართ რამდენიმე საკმაოდ მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 3 სექტემბერს ჩვენს კანდიდატს, მერაბ ქვარაიას, ქალაქ ზუგდიდში ჰქონდა შეხვედრა აქტივისტებთან, სადგურის დასახლების მცხოვრებ საზოგადოებასთან, სადაც მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მე-13 ნომრის, ქებურიას დედა მზია გახარია თავის აქტივისტებთან ერთად. იქ მოაწყვეს პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ლანძღვასა და გამომწვევ მოქმედებაში. 6 სექტემბერს, ასევე ზუგდიდში, ზუგდიდის მეორე კანდიდატს, ედიშერ თოლორაიას შეხვედრა ჰქონდა სოფელ ანაკლიაში, სადაც ჟანა ცხადაია, ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი ზუგდიდის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციისა, აქტივისტებთან ერთად, მივიდა შეხვედრაზე. ისინიც გამოირჩეოდნენ ლანძღვითა და სხვა პროვოკაციული მოქმედებებით. ეს არის ორი მაგალითი, რომელიც ზუგდიდის შემთხვევაში შეგვიძლია მოვიყვანოთ”,-აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება აჭარას, მისი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” კანდიდატებს ფატი ხალვაშსა და ვახტანგ წულაძეს ჰქონდათ შეხვედრა ამომრჩეველთან ბარცხანაში, სადაც მივიდნენ ნაზი ფუტკარაძე, საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ , „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, ვინმე ივანიძე, ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებულის ქალიშვილი და მათაც მოაწყვეს მსგავსი პროვოკაცია.
“პროვოკაცია საკმაოდ მძიმე ფორმას ატარებდა. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც იქ გაისმა, არის ის, რომ იყვნენ ღირსნი ცოცხების და დუბინკების. ასეთი მძიმე ფრაზა გაისმა ამ შეხვედრაზე, რასაც ბუნებრივია, მოჰყვა რეაქცია ჩვენი აქტივისტების მხრიდან, თუმცა ეს რეაქცია იყო ღირსეული. მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს აქტივისტებს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და შემოიფარგლენ მხოლოდ ღირსეული პასუხით. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვიდრე სანდრა რულოვსის პირით „ნაციონალები“ ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ “დუბინკები” და ცოცხები აღარ იქნება, მათი აქტივისტები, მათი თანაპარტიელები რეალურად ამის საპირისპიროში გვარწმუნებენ. გუშინდელი ფრაზაც სწორედ ამის კიდევ ერთი დასტური იყო”,- აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ არის მარგინალური პოლიტიკური ძალა, მათ მხოლოდ მარგინალური ფორმებით შეეძლოთ ქვეყნის მართვა, მხოლოდ მარგინალური ფორმებით შეუძლიათ მათ ოპოზიციის რანგში პოლიტიკურ, საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა და თავიანთი კამპანიის წარმოება.
“ჩვენი ამოცანაა, პროვოკაციების პრევენცია და ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის. მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეიკავონ თავი პროვოკაციებისგან, კონტრაქციების მოწყობისაგან. ჩვენ არც ერთი კონტრაქცია არ მოგვიწყვია არც ერთი ოპონენტის წინააღმდეგ და იმავესკენ მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებსაც ამ საარჩევნო პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს აქტივისტებს მოთმინებისთვის”,-აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები