პრეზიდენტმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა. აღნიშნულის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, იმერლიშვილი და კვერენჩხილაძე მაღალი კვალიფიკაციის იურისტები და პრინციპული ადამიანები არიან, რომლებიც, “გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უნიშვნელოვანეს პერიოდში”.
„მინდა დავასახელო და დავნიშო ორი ახალი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში. ესენი არიან ქალბატონი ირინა იმერლიშვილი და ბატონი გიორგი კვერენჩხილაძე“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებას დარბაზში მყოფნი ტაშით შეხვდნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაფიქსირდა საზოგადოების გულწრფელი პოზიცია, რაც სასიხარულოა.
„დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პროცესში, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს გასავლელი, პროცესში, რომელიც არის სახელმწიფოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რთული გზა, როგორც ქალბატონი ირინა, ისე ბატონი გიორგი- ორი მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები, გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უნიშვნელოვანეს პერიოდში“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
 
სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს – გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას – უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი – უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები