კახა კალაძე: ყველაზე დიდი, რაც გამაჩნია არის ის სიყვარული, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ვგრძნობ

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსის კახა კალაძის განცხადებით, ჯიხაშკარში, სადაც გარკვეულმა ჯგუფმა სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლა სცადა, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ ყოფილან.
როგორც კალაძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში აღნიშნა, არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც “ქართულ ოცნებას“ არ უჭერენ მხარს, მაგრამ პესიმისტური დამოკიდებულება აქვთ “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.
“ იქ “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ ყოფილან და ის რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კანდიდატს ქალბატონ სანდრა რულოვსს მხოლოდ ის ადამიანები უპირისპირდებიან, რომლებიც “ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ, – ეს ასე ნამდვილად არ არის. არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც “ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერენ, მაგრამ გარკვეული პესიმისტური დამოკიდებულება აქვთ “ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია არსებობს ქვეყანაში, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი და წყნარი გარემო, რათა ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცეს შესაძლებლობა, რომ აწარმოოს საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსაც უპასუხა. მისი თქმით, ბრალდებები, მისი და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მიმართული პიარკამპანიაა.
“ვინც მიცნობს, ის ადამიანები ამ ყველაფერს ვერ დაიჯერებენ. ეს არის ჩემი ოპონენტებისთვის გაკეთებული განცხადებები, რომ მათ დაიჯერონ. ჩემთვის მთავარია, საზოგადოების აზრი. ყველაზე დიდი, რაც გამაჩნია არის ის სიყვარული, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ვგრძნობ. არასდროს ვიკადრებ იმას, რომ გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რომ ეს ყველაფერი დავანგრიო”,-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები