„შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში“- ხელოვნების სასახლეში ერთდროულად ორი გამოფენა გაიხსნება

 ბრიტანეთის საბჭოს, ხელოვნების სასახლის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის, შ. რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტის და ევროპული სკოლის ერთობლივი პროექტის – „შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან საქართველოში“ ფარგლებში,  2016 წლის განმავლობაში მრავალი ღონისძიება მიმდინარეობს.
10 სექტემბერს, 18.00 საათზე, ხელოვნების სასახლეში გამოფენა „შექსპირი ქართულ სცენაზე“ გაიხსნება. შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შექსპირის პიესების მიხედვით საქართველოში დადგმული სპექტაკლების ესკიზები და ფერწერული ტილოები, რომელთა ავტორები არიან  შესანიშნავი მხატვრები: პეტრე ოცხელი, დავით კაკაბაძე, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ირინა შტენბერგი, გოგი გუნია, სოლიკო ვირსალაძე, ნიკა ყაზბეგი და სხვები.
ამ დიდ გამოფენასთან ერთად, ასევე გამოიფინება ახალგაზრდა ხელოვანების მიერ შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც პროექტის „რუსთაველი და შექსპირი ხვდებიან საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა. ნამუშევრები შეიქმნა ონლაინგამოკითხვის შედეგად გამოვლენილი შექსპირის და რუსთაველის ყველაზე პოპულარული ციტატების მიხედვით. გამოფენის გახსნაზე დასახელდება საუკეთესო ნამუშევრის ავტორი.
პროექტის პარტნიორებმა ახალგაზრდების წასახალისებლად მიიღეს გადაწყვეტილება, სხვადასხვა პრიზი დააწესონ თავიანთი რჩეულებისთვის. მაგალითად, ბრიტანეთის საბჭოს რჩეული ნამუშევრის ავტორი შეძლებს, ინგლისური ენის ცოდნის დონე აიმაღლოს ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრში – საგაზაფხულო კურსით. ხელოვნების სასახლემ კი თავისი რჩეული ნამუშევრის ავტორისთვის ავტორისთვის დააწესა ფულადი ჯილდო.
„2016 წელი ორი გენიოსის – შოთა რუსთაველის და უილიამ შექსპირის – საიუბილეო წელია. მათი შემოქმედება დღესაც ისევე მნიშვნელოვანი და ღირებულია, როგორც საუკუნეების წინ. შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავის აღნიშვნით გვსურს ახალგაზრდა თაობისთვის უფრო ახლობელი გავხადოთ მსოფლიო დონის ხელოვანთა შემოქმედება.
პროექტის თითოეული პარტნიორი ორგანიზაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული და ბრიტანული შემოქმედებითი აზროვნების ამ ორი მწვერვალის შემოქმედების პოპულარიზაციას. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი, ერთი მხრივ, პატივს მიაგებს ამ ორი გენიოსის შემოქმედებას და, მეორე მხრივ, თანამედროვეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, უკეთ გააცნობს მათი შემოქმედების მნიშვნელობას, ვინაიდან ეს ორი შემოქმედი და მათი იდეები დღესაც ისევე აქტუალურია როგორც ოდესმე“, – განუცხადეს „კვირას“ ორგანიზატორებმა.
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები