იტალიის ქალაქ ბარიში პოეზიის საღამო – „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები!“ გაიმართა
იტალიის ქალაქ ბარიში, ემიგრანტ პოეტთა – ლელა ლაჩაშვილის, ეკა ოთარაშვილის, ეკა თავბერიძის, სალომე გოგოლაძის მონაწილეობით, გაიმართა პოეზიის საღამო – „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები!“ რომლის ორგანიზატორი იყო ემიგრანტი პოეტი – სალომე გოგოლაძე და საქართველოში ახლად დაარსებული ,,ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ფონდი“ რუსუდან გოგბერაშვილის ხელმძღვანელობით.
– ვისი ინიციატივით გაიმართა საღამო? – ამ შეკითხვით მივმართეთ სალომე გოგოლაძეს:
– საღამო გაიმართა ქართული დიასპორული ორგანიზაციის, „ფესვების“ მხარდაჭერით, რის გამოც მადლობაც ვუხდით მის ხელმძღვანელს, მანანა მემანიშვილს. ემიგრანტები საქართველოს ნაწილი ვართ!
– ემიგრანტ მწერალთა სამომავლო გეგმები რა არის?
– სამომავლოს ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს, გვინდა, ამ ფონდის გარშემო გაერთიანდნენ შემოქმედი ემიგრანტები და უფრო დიდი დაინტერესება გამოვიწვიოთ ქართველ ემიგრანტებში, რომ გავუღვივით მათ ეროვნული სული, არ მივცეთ საშუალება, მოწყდნენ სამშობლოს ფესვებს, ეს განსაკუთრებით საჭიროა იმ თაობის წარმომადგენლებისთვის, ვინც აქ დაიბადა და ნაკლებად ეზიარება ქართულ სიტყვას.
– კიდევ რა პრობლემები გაქვთ ემიგრანტებს?
– პრობლემა პირველი ნაბიჯის გადადგმა და ხალხის გაერთიანება, სულიერების ამაღლება იყო. ჩვენ დავიწყეთ ეს საქმე, ფაქტობრივად შიშველი ხელებით და ძალიან ბევრი ადამიანი ამოგვიდგა მხარში. აქ გვყავს ნიჭიერი ემიგრანტები, რომლებიც არ ჩანან და ჩვენი მისიაა, მოვიძიოთ ასეთი ემიგრანტები, რომ არ გაიფლანგოს ქართული ნიჭიერება და არ ჩაკვდეს.
პრობლემაა, ზოგადად, ფართის არ ქონა. რომ არა ხსენებული დიასპორული ორგანიზაცია, ჩვენ ვერ შევძლებდით ამ საღამოს ჩატარებას, მისმა მესვეურებმა სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს დარბაზი და ამით დიდი საქმე გააკეთეს, მეორე პრობლემა ისაა, ნაკლებად ინფორმირებულია საზოგადოება, გვჭირდება მეტი პოპულარიზაცია, ემიგრანტ შემოქმედთათვის ინფორმაციის მიწოდება, გახმაურება, იქნებ საქართველოშიც დაინტერესდნენ ემიგრანტების და განსაკუთრებით შემოქმედი ადამიანებით.
თამარ შაიშმელაშვილი