იენს სტოლტენბერგი: მე ვერ დაგისახელებთ გაწევრიანების ზუსტ ვადებს, რადგანაც ეს მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული
„ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს დაუახლოვდეს ნატოს წევრობას“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ჩვენ ვარშავაში ნატოს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებსა და წევრობის მოთხოვნებს. ზუსტად ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, დაუახლოვდეს ნატოს წევრობას“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების დროს, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ზუსტ ვადებს ვერ დაასახელებს, რადგანაც ეს მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული.
„მე ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, რადგანაც ეს მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ის უკვე ვიხილეთ – სერიოზული პროგრესი და რეფორმები, რომელიც შეეხება საარჩევნო და პრესის თავისუფლების სფეროში რეფორმებს. და რასაკვირველია, თავდაცვის სექტორის რეფორმებს,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.