“მთავრობის ძალისხმევა მიმართულია თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად“
ერთ თვეში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობა მოწადინებულია, არჩევნები საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმების და სტანდარტების თანახმად ჩაატაროს.
“მთავრობის ძალისხმევა მიმართულია მაქსიმალურად პლურალისტური, ღია, თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, სადაც მრავალ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროგრამა და გზავნილი მიაწოდონ ამომრჩეველს. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება. ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი რეალობად ვაქციოთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.