იენს სტოლტენბერგი: საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად

„საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატოს წევრობისთვის“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მასპინძლობისთვის მალდობა გადაუხადა.
“ეს არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტი საქართველოში. მსურს მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს შესანიშნავი მასპინძლობისთვის. მოხარული ვართ აქ ყოფნით და თქვენთან შეხვედრით. მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ მასპინძლობთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას “, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა და ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავი მიულოცა.
მისივე თქმით, ნატო აფასებს ქართველი ქალებისა და მამაკაცების მიერ გაღებულ მსხვერპლს ერთობლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დღის წესრიგზეც ისაუბრა.
„ნატო-საქართველოს კომისია 2008 წელს შეიქმნა. ეს გახლავთ ფორუმი ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის. დღევანდელი შეხვედრის თვალსაზრისით, კომისია სხვადასხვა საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების თემებს და ბოლო მოვლენებს. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებაში. ეს გახლავთ ინიციატივა, რომელიც 2014 წელს, უელსის სამიტზე შევიდა ძალაში და კიდევ უფრო გაძლიერდა ვარშავის სამიტზე. იგი მიმართულია ჩვენი ძალისხმევისა და მხარდაჭერის ინტენსიფიკაციისთვის მიზნით საქართველოსთვის. ჩვენ დავამტკიცეთ დამატებითი ზომები, რათა გავაღრმავოთ ჩვენი უკვე ისედაც მყარი თანამშრომლობის მექანიზმები. როგორც ასპირანტ ქვეყანას, საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატოს წევრობისთვის. ნატო მზადაა საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა ამ გზაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები