კახა კალაძე ბრალდებებს პასუხობს: შეიძლება კენედის მკვლელობაც მე დამაბრალონ

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბოლო დროს მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს საარჩევნო პერიოდს უკავშირებს და აცხადებს, რომ რაიმე მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, გამოძიების დაწყების მომხრეა.
როგორც კალაძე აღნიშნავს, ქვეყნის სამსახურში ყოფნის სურვილს ცილისწამება ხელს ვერ შეუშლის.
„ახლა ველოდები ჩემი ძმის საქმის ახლიდან წარმოჩენას საზოგადოებისთვის და შეიძლება, კენედის მკვლელობაც თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ. მათ ოჯახს მე ადამიანურად თანავუგრძნობ, მათ მეუღლეებს, დედას. თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ იმისა, რომ ჩემი მხრიდან იყო რაიმე ზეწოლა ან მითითება, წარუდგინონ შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყოს ამ მიმართულებით გამოძიება.
გულდასაწყვეტია, რომ ამდენი ცილისწამება ისმის, თუმცა კარგად მესმის, რომ ჩვენ საარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. როდესაც არჩევნები ახლოვდება, ხან სამარშრუტო ტაქსების ბიზნესის წართმევას მაბრალებენ, ხან იმას, რომ ხუდონი ჩემი საკუთარი პროექტია. ბოლოს გავიგე, თითქოს გორში ქარის ელეტროსადგური ჩემი საკუთრებაა, მზის სადგურებიც, რომელიც სამომავლოდ არის დაგეგმილი, ჩემი ყოფილა და ათასი რამ სიბინძურეები. თუ ფიქრობენ, რომ მორალურად დამანგრევენ, ძალიან ცდებიან, რადგან ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი რთული ბარიერი მაქვს გამოვლილი, ასე რომ ცილისწამებები ნამდვილად ხელს ვერ შეუშლის იმ საქმიანობას, რასაც მე დღეს ჩემი სამშობლოსთვის ვაკეთებ“, -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
რამდენიმე დღის წინ იარაღის შენახვის ბრალდებით სამართლამდამცველებმა გიორგი ფეიქრიშვილი დააკავეს. მასთან ერთად სამართალდამცველებმა კიდევ ორი ახალგაზრდა -ნოდარ ნიშნიანიძე და გიორგი ყანჩაველი აიყვანეს. დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ დაკავებაში კახა კალაძის ხელი ურევია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები