პრემიერმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის  შეხვედრის მთავარი თემები.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ ნაბიჯს ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად განიხილავს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და ნატოს მნიშვნელოვან წვლილს ამ პროცესში.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები თანდათან უფრო ვითარდება და ამაზე ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, ხოლო საქართველო – ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი.
საუბრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, დემოკრატიული ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველსაყოფად, ძალისხმევას არ დაიშურებს.
შეხვედრას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ხოლო, საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები