იან კელი: საქართველომ უნდა შეძლოს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შეჩერება, რაშიც აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება
შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიულ და წარმატებულ განვითარებას ყველანაირად ხელს შეუწყობს – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს სასტუმრო „რუმსში“ განუცხადა, სადაც კონფერენცია ”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი, ვარშავის სამიტის შემდეგ” მიმდინარეობს.
ელჩის განმარტებით, კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია და მასში საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერები მონაწილეობენ. აშშ-ს ელჩმა რუსეთიდან მომდინარე აგრესიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველომ უნდა შეძლოს ამ აგრესიის შეჩერება, რაშიც აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება.
”შეერთებული შტატები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას უცხადებს და საქართველოს დემოკრატიულ და წარმატებულ განვითარებას ყველანაირად ხელს შეუწყობს. საქართველომ უნდა შეძლოს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შეჩერება, რაშიც აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ საქართველოს მყარ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ვთანამშრომლობთ. როდესაც სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისში იმყოფებოდა, ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას ამ სტრატეგიაზე და მიმდინარეობს მუშაობა ამ შეთანხმების რეალიზებაზე”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.