თბილისში სექტემბრის ბოლოდან ბუნებრივ აირზე მომუშავე ახალი ავტობუსები იმოძრავებენ (ფოტოკოლაჟი)
სექტემბრის ბოლოდან დედაქალაქში ბუნებრივ აირზე მომუშავე ახალი, პოლონური წარმოების ავტობუსები იმოძრავებენ. თბილისის მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი 2017 წლის დასაწყისში დასრულდება და დედაქალაქში, ჯამში, 143 ახალი ავტობუსი შემოვა.
თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, პოლონეთის ქალაქ პოზნანში “MAN Truck & Bus AG”-ის ქარხანაში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო იმ ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს, რომლებიც სულ მალე თბილისში ივლიან.
პოლონეთის ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს ქალაქ პოზნანში MAN Truck & Bus AG-ის ქარხანა 150 000 მ2 ფართობზეა განთავსებული და 1998 წელს დაფუძნებულ საწარმოში, ძირითადად, CNG-ი საწვავზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილი საქალაქო ავტობუსები ეწყობა.
“საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “Man”-მა, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა ის ტექნიკური პირობა და მოთხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა დაყენებული. მნიშვნელოვანი იყო, რომ ავტობუსები ყოფილიყო ბუნებრივ აირზე მომუშავე და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რათა ერთის მხრივ, დაგვეზოგა საწვავის ხარჯები და მეორეს მხრივ, ყოფილიყო გაცილებით უსაფრთხო გარემოსთვის. წარმოების პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 7 თვის განმავლობაში ქალაქში 143 ახალი ავტობუსი შემოვა.
ისინი იმოძრავებენ წინასწარ შერჩეული მარშრუტით, ფართო ქუჩებსა და გრძელ დისტანციებზე, თუმცა მეორე ეტაპისთვის ვფიქრობთ შედარებით პატარა ავტობუსების შემოყვანას, რათა ქალაქის ისტორიულ ნაწილსა და ვიწრო ქუჩებში მათ თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა, შესაბამისად, გააჩნია დიდი უპირატესობები სხვა მოდელებთან შედარებით,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, მძღოლებს, რომლებიც “Man”-ის ავტობუსებზე დასაქმდებიან, MAN Truck & Bus AG-ის სპეციალისტები გადაამზადებენ. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ახალი ავტობუსის მძღოლი ქალბატონი იქნება.
პოლონეთში მერთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. კომპანია “Man”-მა ჟურნალისტებს CNG-ი საწვავის უსაფრთხოებისა და უპირატესობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
CNG-ი საწვავზე მომუშავე ავტობუსების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს.
შემცირებულია გამონაბოლქვში ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი. დავით ნარმანია ხვალ “Man”-ის მეორე ქარხანასაც ეწვევა, რომელიც პოლონეთის ქალაქ სტარახოვიცეში მდებარეობს.