დიმიტრი ქუმსიშვილი ესპანური კომპანიის “IGENERIS” პრეზიდენტს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესპანეთში “Google”-ის entrepreneurship-პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული აქსელერატორის კომპანიის “IGENERIS” პრეზიდენტს ხოსე ლოპეს გარსია დე ლეანიზს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ესპანელმა სტუმარმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების შესახებ. საუბარი ასევე წარიმართა სახელმწიფო პროგრამაზე „სტარტაპ საქართველოს“ მიმდინარეობისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თაობაზე.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის მიერ გატარებული ყველა მსგავსი სახის ღონისძიების საბოლოო მიზანი ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებაა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.
ესპანური კომპანიის პრეზიდენტი დაინტერესდა იმ რეფორმით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტისას გეგმავს, აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდეს.
მხარეები საქართველოში Startup ეკოსისტემის გასავითარებლად ერთობლივი ქმედებებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები