„ნასას“ კოსმოსურმა აპარატმა დედამიწაზე იუპიტერის უნიკალური ფოტოები გამოაგზავნა
კოსმოსურმა აპარატმა Juno-მ დედამიწაზე პლანეტა იუპიტერის უნიკალური ფოტოები გამოაგზავნა. ფოტოები რამდენიმე დღის წინ არის გადაღებული, როდესაც Juno-მ იუპიტერის გარშემო ბრუნვა დაიწყო. კოსმოსურმა ზონდმა მზის სისტემის უდიდესი პლანეტის გარშემო 36 ბრუნი უნდა შეასრულოს. ზონდმა იუპიტერი აქამდე უცნობი რაკურსით დააფიქსირა. პირველად ისტორიაში ახლო ხედით იუპიტერის ინფრაწითელი გამოსახულება იყო მიღებული.
„ეს იუპიტერის სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსების პირველი ინფრაწითელი გამოსახულებაა. მასზე კარგად ჩანს ცივი და ცხელი ლაქები, რაც ჩვენ აქამდე არასოდეს გვინახავს. ასევე პირველად დაფიქსირდა სამხრეთ პოლუსის პოლარული ციალი. დეტალიზაციის მაღალი დონე იუპიტერის შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვცემს“, – განაცხადა პროექტ Juno-ს წარმომადგენელმა, ასტროფიზიკოსმა ალბერტო ადრიანიმ.