გოდერძი ჯოლოხავას დაკითხვა პროკურატურაში წუხელ, 03:00 საათამდე გაგრძელდა

მთავარ პროკურატურაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი საქმის მოწმე გოდერძი ჯოლოხავა დაიკითხა. მოწმის დაკითხვა უწყებაში წუხელ, 03:00 საათისთვის დასრულდა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ არც ჯოლოხავას და არც მის ადვოკატს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ. ჯოლოხავას საქმეზე დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე ჟურნალისტი ირმა ინაშვილია დაბარებული. გოდერძი ჯოლოხავამ საქმეზე ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. პირველ ჩვენებაში იგი ზეწოლაში თეა წულუკიანს, ხოლო მეორეში – ბაჩო ახალაის ახლობლებს ადანაშაულებდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გოდერძი ჯოლოხავას საქმეზე გამოძიება გუშინ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, “გამოძიება მოწმე გოდერძი ჯოლოხავაზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით” მიმდინარეობს. “გამოძიების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა ბოლო დღეებში სხვადასხვა სატელევიზიო საშუალებებში გასული ინფორმაცია, ყოფილი პატიმრის გოდერძი ჯოლოხავას მიმართ სხვადასხვა პირების მხრიდან ცრუ ჩვენების მისაცემად, მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე. ამჟამად საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. მთავარი პროკურატურის მიერ მოწმეებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი მკაცრად იქნება აღკვეთილი”, – აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები