რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სააგენტო „როიტერს“ აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სააგენტო „როიტერის“ მასალა გააკრიტიკა, სადაც საუბარი იყო ყირიმში ტურისტული სეზონის ჩავარდნაზე.
„სტატიაში დაწერილი ბევრი რამ სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის დაკვეთილი პორტრეტი – როგორც უთხრეს – ისე დაწერეს. სტატიაში წერია, რომ ყირიმში ტურისტული სეზონი ჩავარდა. სინამდვილეში კი ეს ადგილი რუსი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება. სხვათა შორის, იქ უკრაინელებიც ჩადიან“, – განუცხადა ზახაროვამ საგენტო „ტასს“.
მისი თქმით, წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე 4 მილიონი ტურისტი ჩავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 26%-ით მეტია.
სააგენტო „როიტერმა“ ყირიმზე სტატია 23 აგვისტოს გამოაქვეყნა. მასში წერია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ნახევარკუნძულზე ფასები გაიზარდა, ხოლო პენსიები ძველ ნიშნულზე დარჩა.
ასევე ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს, რომ ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყირიმში ტურისტების რაოდენობა დაგეგმილს არ შეესაბამება, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ყირიმის სასტუმროები დაგეგმილზე 10-15 პროცენტით ნაკლებად არის შევსებული. ამის გამო ყირიმის ზოგიერთ სასტუმროში ნომრების ფასი 66%-ით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები