დიმიტრი ხუნდაძე პარტიის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს, არ შეიყვანონ პარტიულ პროპორციულ სიაში

„ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე პარტიის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს, არ შეიყვანონ პარტიულ პროპორციულ სიაში, – ამის შესახებ ხუნდაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მან მცხეთის დამოუკიდებელი კანდიდატის, ცეზარ ჩოჩელის საპასუხოდ გაავრცელა.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ის პარლამენტში მცხეთელების და რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერით შევა.
„დღეს ჩოჩელმა თავად აღიარა, რომ ხალხს ატყუებდა, თითქოს ის „ოცნების“ ფარული კანდიდატი იყო. ეს უკვე დიდი მიღწევაა. რაც შეეხება მის მიერ ჩემ მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ბრალდებებს, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ჩემი სტილი არ არის დაბინძურებული ლექსიკა, მე ყოველთვის ფაქტებით და არგუმენტებით ვსაუბრობ. ვფიქრობ, ჩვენი დებატები ნამდვილად საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. ამასთანავე, დღეს პირველად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. თხოვნით მივმართავ ჩემი პარტიის ხელმძღვანელობას, არ შემიყვანონ პარტიულ პროპორციულ სიაში. მე პარლამენტში შევალ მხოლოდ და მხოლოდ ისევ მცხეთელებისა და რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერით. 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და დემოგრაფიული პროექტის ხელმძღვანელი. ასევე, ჩემს გუნდთან ერთად ბევრი რამ გავაკეთე ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში. სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული გამარჯვებაში”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
„ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ გუშინ მცხეთის დამოუკიდებელ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს ღია სატელევიზიო დებატები შესთავაზა, რაზეც ჩოჩელი დათანხმდა, თუმცა დღეს მის განცხადებაში შეურაცხმყოფელი ბრალდებები გაჟღერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები