„კონსტიტუცია თანამედროვე ქვეყანაში ადამიანს სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ ობიექტად ქმნის“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პროექტის „მე და კონსტიტუცია“ მონაწილეებს შეხვდა და დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა დაჯილდოების დროს კონსტიტუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 25 წლის წინ მიღწეულ დამოუკიდებლობას ქვეყანა კიდევ უფრო განავითარებს.
„21 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ქართული სახელმწიფოსთვის – კონსტიტუცია. დოკუმენტი, რომელიც განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს. კონსტიტუცია, ალბათ, არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი, იგი შესაძლოა, ბევრად უფრო მეტად არის ჩვენი საზოგადოების თანაცხოვრების, მშვიდობიანად განვითარების, მიზნების მიღწევის ძირითადი სახელმძღვანელო. ამ დოკუმენტის ირგვლივ ფუნქციონირებს სახელმწიფო ინსტიტუტები და არა მხოლოდ. ამ დოკუმენტში დაცულია ის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოში ადამიანს არა უბრალოდ სუბიექტად აქცევს სახელმწიფოს მშენებლობისა, არამედ ამ პროცესის მთავარ ობიექტად ქმნის. თავისუფალი ადამიანის მიერ შექმნილი თავისუფალი საზოგადოება სწორედ ამ დოკუმენტის სულისკვეთებაში იკვეთება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ 25 წლის წინ საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას და ახლა ეს გზა თავისუფლების მიმართულებით ვითარდება. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ყველა მიღწევა სწორედ კონსტიტუციის პატივისცემის შედეგად განვითარდება.
პროექტში ჩართულები იყვნენ იყო ახალგაზრდები და ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია“, რომელებსაც გიორგი მარგველაშვილმა საინტერესო მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. პრესიდენტმა გაიხსენა ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ, ნიკა ენუქიძემ ანდროიდისთვის შექმნა კონსტიტუციის აპლიკაცია, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იყენებენ, ხოლო 203-ე სკოლის მოსწავლეებმა შეიმუშავეს კონსტიტუციის ძირითადი ტერმინების ჟესტების ენით გამოცდის სისტემა.
პროექტში ჩართული იყო 500-მდე საჯარო სკოლა. პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ კონსტიტუციის დღე უქმედ გამოცხადდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები