რადიო „თავისუფლება“ – საქართველო და უკრაინა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას ოქტომბერში მიიღებენ
საქართველო და უკრაინა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას ოქტომბერში მიიღებენ და ის 2017 წლის იანვრიდან შევა ძალაში. ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვაკი ტვიტერში წერს.
„ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება 2016 წლის ოქტომბერში უნდა მიიღონ. ამას ევროპელი დიპლომატები ელოდებიან. გადაწყვეტილება ძალაში 2017 წლის იანვრიდან შევა“, – წერს იოზვაკი.
საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ევროპელმა მაღალჩინოსნებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ეს ქვეყნები უვიზო მიმოსვლას მიმდინარე წელს მიიღებენ.