დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში“ გახსნა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში“ გახსნა, რომელიც „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებთან თანამშრომლობითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციაზე მთავარ მომხსენებლად მონაწილეობდა ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ერიკ რეინერტი.
თავის მისასალმებელ სიტყვაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი ყურადღება დაუთმო სახელმწიფოს როლის განსაზღვრას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით. „მოთხოვნის შექმნის ნაწილში ჩვენი სახელმწიფო ძალიან აქტიურია ბაზრების გახსნის მიმართულებით. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მიწოდების სტიმულირება. ჩვენ დავიწყეთ არაერთი წარმატებული პროგრამა, რომელთა ამოცანასაც წარმოების წახალისება წარმოადგენს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც უკვე შექმნა 450 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო პოტენციალი და 7,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
„ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო დროში, ძალიან სწრაფად მოხდეს განვითარება, ეკონომიკური ზრდა ისე, რომ მივიღოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კონფერენციაზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში ვეგარდ სტენსრუდი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია, საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის ჯგუფის ექსპერტები და სხვა ქართველი მომხსენებლები საქართველოს პარლამენტიდან, მთავრობიდან და აკადემიური წრეებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები