როგორ გაჰყვეთ ცოლად ქართველ მამაკაცს? – რჩევები რუსი და უკრაინელი ქალებისთვის
რუსულ და უკრაინულ მედიასივრცეში არაერთხელ გახმიანებულა ქართველი მამაკაცისა და რუსი თუ უკრაინელი ქალის ურთიერთობის თემა. ამჯერად მას რუსული ინტერნეტგამოცემა ,,www.intdate.ru“ (http://intdate.ru/) შეეხო. ვებგვერდის სახელწოდებაა: “როგორ გავყვეთ ცოლად უცხოელს“. სტატიის ავტორი იმ მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც, მისი აზრით, საქართველოში გათხოვების მსურველმა სლავმა ქალბატონებმა უნდა გაითვალისწინონ.
მაშ ასე, პირველ რიგში, მათ ის უნდა იცოდნენ, რომ ქართულ ოჯახში ნაწილობრივ პატრიარქატია და ცხოვრება მოუწევთ ქართველი მეუღლის ოჯახთან ერთად, სადაც გადამწყვეტი სიტყვა დედამთილისაა. უნდა შეურიგდნენ იმ აზრს, რომ ქმარი ყველა შეთხვევაში დედის პოზიციას დაიჭერს, თუმცა თქვენთან მარტო დარჩენილი აღიარებს, რომ მართალი ხართ, მაგრამ დედასთან შერიგებას მაინც გთხოვთ.
ნუ ელით ქართველი ქმრისგან ერთგულებას კუბოს კარამდე. მათ მიაჩნიათ, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან სიარული ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ცოლებისგან არა მარტო ხორციელ, სულიერ ერთგულებასაც ითხოვენ. დაივიწყეთ დეკოლტეები და მოკლე კაბები. ქართველი მამაკაცები ეჭვიანები არიან და თანაკლასელთან „ჩატში“ თქვენს საუბარსაც კი მტკივნეულად განიცდიან. ისინი ძალზე უფრთხილდებიან საკუთარ, როგორც თავად ეძახიან, ,,ნამდვილი მამაკაცის“ რეპუტაციას.
ქართველი კაცის ცოლი უნდა იყოს ძალიან მშვიდი და არა აქტიური, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არაფრის უფლება არა აქვს. საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და აქ, მიუხედავად ტრადიციებისა, ქალს მამაკაცთან გათანაბრებული უფლებები აქვს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი ქმარი ქალაქიდანაა, ქალაქები კი საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია. აქ უმრავლესობა რაიონი, სოფელი და რაიონული ცენტრია, სადაც პატრიარქატი მეფობს.
საქართველოში რუსები დღეს ცოტანი არიან და მათაც შერეული ოჯახები აქვთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქალები და მამაკაცები აქ სუფრასთან ხშირად ცალ – ცალკე სხედან. ქალი კი ვალდებულია, რომ სამზარეულოში იტრიალოს და სტუმრებს მოემსახუროს. სამაგიეროდ, – განაგრძობს სტატიის რუსი ავტორი, – ქართველები კარგი კავალერები არიან, განსაკუთრებით – უცხო ქვეყანაში, და თუ ისინი თქვენს ცოლად მოყვანას გადაწყვეტენ, დამიჯერეთ, რომ ამას აუცილებლად მიაღწევენ კიდეც. გაითვალისწინეთ, რომ ქართველები საცოლეს უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებენ, ვიდრე ცოლს, რადგან მათთვის შეყვარებული გოგონა სხვაა და ცოლი – სხვა. იგი ცოლად მოყვანამდე დაგარწმუნებთ, რომ რაც კი გსმენიათ ქართველ კაცებზე, სრული სიცურეა, მაგრამ არ დაუჯეროთ, რადგან ცოლად გაყოლის მერე იგი არც სამზარეულოში დაგეხმარებათ და შვილების აღზრდასაც მთლიანად თქვენ დაგაკისრებთ. ცოლად გაჰყვე ქართველს, – არა მგონია, ვინმემ ეს მიზანი სერიოზულად დაისახოს, გარდა, რა თქმა უნდა, თავად ქართველი გოგონებისა, უცხოელები კი ქართველებს მხოლოდ სიყვარულის გამო მიჰყვებიან და ის, რომ საქართველოში გარკვეულ ჩარჩოებში ცხოვრება მოუწევთ, ამ სიყვარულისთვის არც ისე დიდი საფასურია.
ამ სტატიას ინეტერნეტსივრცეში სლავი ეროვნების ქალბატონების დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ისინი დეტალურად განიხილავენ ქართულ ოჯახში გათხოვების დადებით და უარყოფით მხარეებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ “ცოლად გაჰყვე ქართველს“,- ეს თემა მათთვის დღემდე აქტუალურია.
სტატია რუსული მასალის მიხედვით მოამზადა
თეონა გოგნიაშვილმა