გიორგი კვირიკაშვილი: დღეს არის დრო, როდესაც უნდა დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირებები

დღეს არის დრო, როდესაც უნდა დასრულდეს პოლიტიკური დაპირისპირებები და მთელი ქვეყანა გაერთიანდეს იმისთვის, რომ მომავალი 4 წელიწადი გახდეს ისტორიული საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერებს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ენზელ მკოიანი წარუდგინა და მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.
„მომავალი 4 წლისთვის ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაცია, რათა ჩვენი ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში, სატრანზიტო და რეგიონული ინფრასტრუქტურა, იყოს თანამედროვე სტანდარტებთან შესატყვისი. საჭიროა ძირეული რეფორმების გატარება განათლების სისტემაში იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები პირდაპირ დასაქმდნენ და აღარ დახარჯონ დრო და რესურსები იმ პროფესიებზე, რომლებიც დღეს ნაკლებად მოთხოვნადია. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა ახალი პაკეტი, რომლის თანახმადაც 1 იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ მოგებული თანხა რეინვესტირდება მომავალ პროექტებში.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ნინოწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას რეგიონის ეკონომიური განვითარებისთვის.
„ძალიან ბევრი საქმე კეთდება ნინოწმინდაში, მათ შორის ნინოწმინდა – ბავრას გზა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ხორციელდება ირიგაციის პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის; ასევე სხვადასხვა სოფლის გაზიფიცირების პროექტი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და დაფარავს სხვა სოფლებსაც“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
გამოსვლის დასასრულს, პარტიის თავმჯდომარემ საქართველოს ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქვეყნის ერთ–ერთ სიმდიდრეს სწორედ მისი მრავალეროვნება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები