პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

კვორუმის არარსებობის გამო საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარდა. კომიტეტის 15 წევრიდან დღეს პარლამენტში მხოლოდ 5 დეპუტატი მივიდა. საკომიტეტო სხდომის გახსნისთვის კი სულ მცირე 8 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო.

სხდომაზე ნინო ბურჯანაძის უბლოკო სტატუსის ინიციატივის რეგისტრაციაზე უნდა ემსჯელათ.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანს მიმართა და სთხოვს, რომ დადგეს საკითხი, რათა დეპუტატებმა შეძლონ თავიანთი მოვალეობის შესრულება.

“ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არაადეკვატური სიტუაცია იქმნება იმიტომ, რომ ერთხელ ჩავარდა ბიუროს სხდომა ამ საკითხის განხილვისთვის. კარგით, კი, ბატონო, დავაბრალეთ მაჟორიტარების წარდგენას, ახლა ვარდება კომიტეტის სხდომა ისევ კვორუმის შეუკრებლობის გამო. იქნებ დაყენდეს რაღაცნაირად საკითხი ამ დეპუტატებისთვის, რომ მათ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ კომიტეტის წევრებს შესთავაზა, რომ თუ მომავალი მოწვევის პარლამენტში შევლენ, იქ დაიწყონ უბლოკო სტატუსზე მსჯელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები