ზბიგნევ ბჟეზინსკი: მნიშვნელოვანია, არიან თუ არა თავად უკრაინელები მზად წინააღმდეგობის გასაწევად
ნატო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია ევროპისთვის ისეთ საშიშროებას წარმოადგენს, როგორიც მისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ ახლა ახალი „ცივი ომის“ დაწყების საშიშროების წინაშე ვდგევართ? – ამ კითხვით „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტმა ზბიგნევ ბჟეზინსკის მიმართა. ბჟეზინსკი 1977-1981 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯიმი კარტერის მრჩეველი იყო ნაციონალური უშიშროების საკითხებში. იგი ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას წარმოადგენდა „ცივი ომის პერიოდში.
– ვფიქრობ, ეს ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სერიოზულ წინააღმდეგობას გასწევს უკრაინელი ხალხი. და თუ ხალხი წინააღმდეგობას გასწევს, დასავლეთის სიმპათია მათ მხარეს იქნება. დასავლეთი სეიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდება, მისგან მყარი პოზიციების დაკავებას მოითხოვენ როგორც რუსეთთან მიმართებაში, ასევე უკრაინელების მხარდასაჭერადაც.
– რას გულისხმობთ „მყარ პოზიციაში“ და რატომ არ დავიკავეთ ასეთი პოზიცია, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა?
– ვფიქრობ, ყირიმის პრობლემა არატიპურია, რადგან ყირიმი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაეცა, და როგორც აღვნიშნე, ბევრია იმაზე დამოკიდებული, გასწევენ თუ არა უკრაინელები წინააღმდეგობას. მე ვფიქრობ, რომ გასწევენ, და ეს დასავლეთს იმ სიტუაციაში ჩააყენებს, როცა ვეღარ შეძლებს მხოლოდ განზე მდგომი დამკვირვებლები იყვნენ.
– მაგრამ რუსეთს თავისი არგუმენტები გააჩნია: საჭირო არ არის „ცივი ომი“ იმის გასაგებად, რომ რუსეთს თავისი ინტერესების ზონები გააჩნია. რუსეთი ელოდება, რომ დასავლეთი ამას შეიგნებს და არ მიუახლოვებს თავის სამხედრო ძალებს მის საზღვრებს, მიისაკუთრებს ამ ზონებს თავის კავშირში. გააჩნია თუ არა რუსეთს საფუძველი ასეთი არგუმენტებისთვის?
– ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გულისხმობთ ინტერესების ზონაში. რასაკვირველია, არ შეიძლება რეალობის უგულებელყოფა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ცივილიზებულად მიმდინარეობს. მაგრამ თუ ამ ინტერესების ზონაში ძალა გამოიყენება, ეს პოზიცია გაუმართლებელია. როდესაც ჰიტლერი ავსტრიაში შევიდა, ავსტრიელების უმეტესობა ამას ძალიან პასიურად შეხვდა, მიესალმებოდნენ კიდეც ამ ფაქტს. ჰიტლერი აღნიშნავდა, რომ ისინი გერმანულად საუბრობდნენ და ამიტომ გერმანელები იყვნენ. ვფიქრობ, ბევრი საერთოა ამ ისტორიასა და ყირიმის დაპყრობას შორის.
– რას ფიქრობთ პუტინზე, როგორია თქვენი აზრი?
– ჩემი პირადი აზრია, რომ რუსეთის მომავალი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დაუახლოვდება იგი ევროპას და საბოლოოდ გახდება თუ არა ევროპული ქვეყანა. თუ პუტინი რუსეთს უფრო მეტად მოაქცევს იზოლაციაში, თან იმ დროს, როცა ეკონომიკა კრახს განიცხის, ქვეყანა სიღარიბის პირას აღმოჩნდება.
– თქვენ პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი იყავით სწორედ იმ დროს, როცა „ცივი ომი“ მძვინვარებდა. რამდენად მართებულია დღევანდელი სიტუაციის იმ პერიოდთან შედარება?
– მე არ ვფიქრობ, რომ ახლა კრიზისმა იგივე დონეს მიაღწია. ბოლოს და ბოლოს ეს ის დრო იყო, როცა ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს თავის ბირთვულ იარაღებს უმიზნებდნენ და ერთმანეთის განადგურება რამდენიმე საათში შეეძლოთ. მაგრამ სიტუაცია ახლაც საგანგაშოა, იგი შეიძლება გამწვავდეს. სწორედ ამიტომ დღეს არ შეიძლება მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლებლობის გამოყენება.
– რა აზრის ხართ ბარაკ ობამაზე? ეყოფა მას გამბედაობა და აქვს თუ არა ჩამოყალიბებული პოზიცია ამ სიტუაციაში?
– პუტინთან შედარებით გაცილებით მომწონს ობამას პოზიცია. ჩვენს დროში, როდესაც მსოფლიო ასეთი არასტაბილურია, არ შეიძლება პრობლემების მყისიერად გადაწყვეტა და ძალების გამოყენება.