გიორგი კვირიკაშვილი: აქ მცხოვრები თითოეული თუში, არის საქართველოს ფარი (ფოტოკოლაჟი)
„ეს არის საქართველოს ანდამატი, ეს არის საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თუშეთში გამართულ „თუშეთობის“ დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, კესელოს ციხე-კოშკებთან დღეს ვიზიტორთა სიმრავლეა – ომალო ტრადიციულ დღესასწაულს, “თუშეთობას” მასპინძლობს.
სახალხო ზეიმს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა თუშ მეცხვარეებს, ადგილობრივ მოსახლეობას და დღესასწაულზე მყოფ სტუმრებს “თუშეთობა” მიულოცა.
“მივესალმები საქართველოს ამ, მართლაცდა, ყველაზე ლამაზ მხარეს. მე ყველანაირი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ მართლაც, ეს არის საქართველოს ანდამატი, ეს არის საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში. მიხარია, რომ თუშეთობას ერთად ვდღესასწაულობთ. მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ყველა აქ მაცხოვრებელს, იმისათვის, რომ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე შემოგვინახეთ. ძალიან მიხარია, რომ ამ დღესასწაულში ამდენი ახალგაზრდა მონაწილეობს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო თუშ მეცხვარეებს. მივულოცო იმიტომ, რომ მათი მეშვეობით მოხდა მოსახლეობის დამაგრება აქ. ეს არის გმირული საქმე და თითოეული თქვენთაგანი, თითოეული თუში აქ მაცხოვრებელი, არის საქართველოს ფარი, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მესაზღვრე და თქვენი გმირობის მეშვეობით შევინარჩუნეთ ჩვენ აი ეს კულტურა, ეს ულამაზესი კულტურა, რომელიც დღეს აი აქ ჩვენ გვაქვს და რომლითაც ყველა ჩვენთაგანი სამართლიანად ვამაყობთ,”- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თუშეთის განვითარებას, რომელსაც გააჩნია უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი თუშეთის გზის პროექტირებაზე.
“ეს გზა აუცილებლად აშენდება და იგი იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გზა, იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზები, რომელზეც ვმუშაობთ, იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარის, აი ამ კულტურის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება. ამ გზას ექნება ბევრი დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, ტურიზმის განვითარების, რომ აქაურმა ოჯახებმა მეტი შემოსავალი ნახონ და ჰქონდეთ მეტი ინტერესი იმის, რომ მცირე სასტუმროები გაიხსნას, ადგილობრივი რეწვა განვითარდეს. რა თქმა უნდა, ექნება ასევე უსაფრთხოების დანიშნულება, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სასაზღვრო რეგიონი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას. და რა თქმა უნდა, მას ასევე ექნება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების დანიშნულება, ვინაიდან გზის და კომუნიკაციის და ინფრასტრუქტურის გარეშე ეს იქნება შეუძლებელი,”-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დღესასწაულზე მყოფი მთავრობის მეთაური თუშ მეცხვარეებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მეცხვარეებს და ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის მნიშვნელობას. “თქვენ არა მარტო შრომობთ, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, ჩვენს საზღვარს,”- განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თუშ მეცხვარეებს. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს მეცხვარეთა პრობლემების შესწავლა და მაქსიმალური ხელშეწყობა დაავალა.
“თუშეთობა 2016”-ის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი და თუშური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა, დააგემოვნა თუშური კერძები, დაესწრო საზეიმო კონცერტს, მშვილდოსნობას და სხვა ტრადიციულ სპორტულ-საბრძოლო თამაშებს.
„თუშეთობის“ დღესასწაული თუში ხალხის უძველეს პროფესიას – მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნიდან მოყოლებული, აგვისტოს თვეში, ყოველწლიურად აღინიშნება.