ვახტანგ კაპანაძე: სამხედრო ხელმძღვანელობა ეცდება, მინისტრი სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის ბრძანება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გადახედოს.
ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა ეცდება, თავდაცვის ახალი მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მიერ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს. როგორც გენერალური შტაბის უფროსმა აღნიშნა, ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ის გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომელიც სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ რამდენიმე თვით ადრე იყო მიღებული.
”მინისტრთან, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა, რომელიც ამ საკითხით დაინტერესდა და ჩვენ დავთქვით, რომ გამოვნახავთ დროს და ამ საკითხს საგანგებო შეკრებას მივუძღვნით, რათა ჩვენს პოზიციაში კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ახალი მინისტრი”, – აღნიშნა კაპანაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრძანება სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით გადაიხედოს, ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რომ გამორიცხული არაფერი არაა.
”კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დღევანდელი გამოწვევებიდან და ქვეყანაში არსებული რესურსიდან გამომდინარე, უფრო ეფექტიანი იქნება პროფესიული შეიარაღებული ძალების ყოლა”, – დასძინა გენერალური შტაბის უფროსმა.
ამასთანავე, ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ კონცეფციას თავდაცვის უწყება წლის ბოლოსთვის დადებს.
”წლის ბოლომდე იქნება დასრულებული და დადებული სამობილიზაციო სისტემა და რეზერვის განვითარების კონცეფცია, რომელშიც იქნება ასახული ის აუცილებელი პირობები, რომელიც უნდა გააჩნდეს ქვეყნის თავდაცვას. ნატო-ს ექსპერტებმა უკვე დაამთავრეს მუშაობა და დადეს დასკვნები, რომლებიც დადებითად აფასებს ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოს. ჩვენ ასევე ველოდებით ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლების ჩამოსვლას, რომლებიც ამ კონცეფციის იმპლემენტაციაში დაგვეხმარებიან”, – განაცხადა კაპანაძემ.
რაც შეეხება ახალი მინისტრის პირობებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის საკითხს, კაპანაძე აცხადებს, რომ ეს მინისტრისა და პრეზიდენტის გადასაწყვეტია. გენერალური შტაბის უფროსის ინფორმაციით, თანამდებობაზე ყოფნასთან დაკავშირებით არავითარი კანონით გაწერილი ვადები არ არსებობს.
”არსებობს ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დადგენილება, სადაც წერია, რომ გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის ვადა არის 3+1. თუმცა ამას არავითარი კანონის სახე არ აქვს. თუკი მინისტრი ჩათვლის, რომ მე აღარ უნდა ვიკავებდე აღნიშნულ თანამდებობას, დავწერ განცხადებას გადადგომის შესახებ”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
მისივე ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის 3 წლიანი ვადა მას 2016 წლის ბოლოს ეწურება. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები