გიორგი მარგველაშვილი: რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ

რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.
პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთს მუდმივად ექნება გასაცემი პასუხი იმაზე, რანაირად გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ. ”ჩვენ აქ ყოველ წელს მოვდივართ იმიტომ, რომ პატივი მივაგოთ გმირებს, ვინც სიცოცხლის ფასად დაიცვა ჩვენი ქვეყანა როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად იმიტომ, რომ მათი გმირობა ჩვენ დღესაც წელში გვმართავს და მომავლის იმედს გვაძლევს. ერთი არის რეალობა, რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა. ეს შავი ლაქა – ჯერ ოკუპაცია და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ და არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს, მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, რანაირად გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ. რანაირად შეიძლება ბირთვულმა სახელმწიფომ აიღოს და თავის მეზობელ ერს ასეთი ტკივილი და ტრაგედია მიაყენოს და ამის მერე შექმნას და ვითომ აღიაროს რაღაც სახელმწიფოები. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ საქართველოს მთლიანობას და ნამდვილად გავაერთიანებთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები