სვანეთში, კლდეზვავის მიერ მდინარის კალაპოტის ჩახერგვის შედეგად, ბუნებრივი ტბა წარმოიქმნა (ფოტოკოლაჟი)
სვანეთში, ტვიბერის ხეობის შუა წელში, კლდეზვავის მიერ მდინარის კალაპოტის ჩახერგვის შედეგად, ბუნებრივი ტბა წარმოიქმნა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში შესული ინფორმაციის თანახმად, ტბის წყლის სარკის სწრაფი ზრდა დაფიქსირდა, რაც ოპერატიული სადამკვირვებლო-კვლევითი მისიის განხორციელების საფუძველი გახდა.
„მდ. ტვიბერის ხეობის შუა წელში (სერისა და ასმაშის მყინვარების ყოფილი შეერთების ადგილი) კლდეზვავი მოწყდა, მდინარის კალაპოტი ჩაიხერგა და ბუნებრივი ტბა წარმოიქმნა. მოგვიანებით, სამთო გამყოლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაფიქსირდა აღნიშული ტბის წყლის სარკის სწრაფი ზრდა, რაც ოპერატიული სადამკვირვებლო-კვლევითი მისიის განხორციელების საფუძველი გახდა.
აღნიშნული მისია ჩატარდა ოპერატიულად, 3 აგვისტოს, შშს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით სააგენტოს თანამშრომლების მიერ აერო-რეკოგნისცირების, აეროგადაღებისა და საკვანძო უბანზე ადგილზე დათვალიერებით.
დადგინდა, რომ მდინარის ნაკადმა, თანამიმდევრულად, წყალმოვარდების გარეშე, გაჭრა ბუნებრივი მორენულ-კლდეზვავური ნაყარი და განტვირთა დაძაბულობა, რამაც ხელი შეუშალა შესაძლო ღვრაცოფული ნაკადის ან/და წყარმოვარდნის ფორმირებას, რაც ჰიპოთეტურად საფრთხეს შეუქმნიდა სოფ. ჟაბეშს. სწორედ ამ სოფლის მიმართ იდენტიფიცირებული საფრთხის გამო ჩატარდა აღნიშნული ოპერატიული მისია.
ამ ეტაპზე მიმიდნარეობს აეროგადაღების მასლების კვლევა და შესაბამისი ანგარიშის დამუშავება“,- წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.