არჩილ გამზარდია პოლიტიკურ პარტიებსა და პრემიერ-მინისტრს კონკრეტული კითხვებით მიმართავს

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და პრემიერ-მინისტრს, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერს, სოციალურ ქსელში შეკითხვებით მიმართავს და მოითხოვს პასუხს, მომავალ პარლამენტში რისი გაკეთება იგეგმება კონკრეტული მიმართულებით:
1. დასაქმებულის უფლებებთან დაკავშირებით, რადგან დღემდე მეტაფორულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასაქმება საქართველოში თანამედროვე “ბატონყმობის” ტოლფასია. იმ ბუტაფორიული “შრომის კოდექსის” ფონზე, რა კონკრეტული მექანიზმებით აპირებთ, თავი აარიდოთ დამსაქმებლებთან ფლირტს დაქირავებულების წინააღმდეგ და დაქირავებულების გასაძლიერებლად?
2. კონკრეტულად რას აპირებთ ისეთ უკიდურეს სამუშაოებზე დაქირავებულების მიმართ, როგორებიც არიან მეშახტეები და სხვა მსგავსად სასიცოცხლოდ საფრთხილო სფეროში დასაქმებულთა გასაძლიერებლად?
3. კონკრეტულად, რას აპირებთ მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით. როდის გაფორმდება ხელშეკრულებები ელექტროენერგიის, წყლის და სხვა მსგავსი ტიპის მომხმარებლებთან, სადაც არ იქნება სახელმწიფოს თანადგომა მხოლოდ ბიზნესის თავნებობის მიმართ, სადაც ნებისმიერ მათგანს შეუძლია, შეგიწყვიტოს პროდუქტის მიწოდება მაშინ, როდესაც სურს და მომხმარებელს არ აპატიოს ელემენტარული გადაცდება?
4. რა კონკრეტულ ღონისძიებებს მიმართავთ სასკოლო და უმაღლესი განათლების მართვის კუთხით, მაშინ, როდესაც პრემიერი უპირატესობას მხოლოდ უცხოურ განათლებაზე აკეთებს, როდის გააკეთებს აქცენტს სამამულო განათლებაზე და კონკრეტულად რა ინსტრუმენტებით მისცემს ახალგაზრდებს რეალური მზაობის, ასევე თვითრეალიზაციის საშუალებას?
5. რა მექანიზმებით აპირებთ, აამაღლოთ სამოქალაქო უფლებების დაცვა, დაწყებული იძულებითი მოშარდვით, დასრულებული “გონივრული ეჭვის” მოქმედების საკამათო განმარტებით?
„აღარაფერს ვამბობ სტანდარტულ თემებზე, რაზეც ყოველდღიურად ვსაუბრობთ და რაზე ზრუნვაც მხოლოდ ლოზუნგების ტრიალში გამოიხატება და არა რეალურად მიღწეულ შედეგებში. იმედი მაქვს, მმართველი პარტიაც და პოტენციური მმართველი პარტიებიც, ანუ ოპოზიციური პარტიებიც მომცემენ ამ შეკითხვებზე პასუხებს, რაც მხოლოდ მცირე ნაწილია უამრავი შეკითხვიდან და რის გარეშეც მათი წინასაარჩევნო საუბარი მხოლოდ პრიმიტიული აფერაა სადღეგრძელოების ფორმაში“, -წერს არჩილ გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები