სოსო ცისკარიშვილი: ლევან იზორია იქნება მინისტრი, რომელსაც დასავლეთში ყველა კარის გაღება შეეძლება
ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.
როგორც სოსო ცისკარიშვილმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, ახლად დანიშნული მინისტრი არგუმენტირებული კანდიდატია და საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი დროც საკმარისია იმისათვის, რომ მისი მინისტრობის ობიექტური შემფასებელი გახდეს როგორც საზოგადოება, ისე სამხედრო კორპუსი.
„ჩემი სიმშვიდის წყაროა არსებული კალენდარი და შესაბამისი კანონმდებლობა ქვეყანაში. ლევან იზორია პრაქტიკულად ორი თვით არის დანიშნული და ეს დრო საკმარისია იმისათვის, რომ მისი მინისტრობის ობიექტური შემფასებელი გახდეს როგორც საზოგადოება, ისე სამხედრო კორპუსი.
ლევან იზორია იყო პოლიციის აკადემიის რექტორი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამჟამად არის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იგი წამოსულია აკადემიური წრეებიდან და მისი გამოცდილება ევროპული ხასიათისაა. იგი თეორიული მომზადებით და ერუდიციით იქნება მინისტრი, რომელსაც შეეძლება დასავლეთში ყველა კარი გააღოს“, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
მისივე ვარაუდით, ლევან იზორია არსებულ და არჩევნებამდე დარჩენილ დროში მუშაობის საფუძველზე მიღებული გამოცდილებით, შესაძლოა, ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი გახდეს. „ამ საშუალედო პერიოდში ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ თავდაცვის მინისტრად მაინცდამაინც ვინმე მხედართმთავარი დაენიშნათ. ვფიქრობ, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა, რომ არგუმენტირებულად შეფასდეს ლევან იზორია შემდგომში წარმატებული მინისტრობის პერსპექტივით“,- განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.