მოქალაქე, რომელსაც სევდია უგრეხელიძემ გაუპატიურების ცნობა მოსთხოვა, სასამართლოში ჩივის

მოქალაქე აკაკი ხაფავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სევდია უგრეხელიძეს სასამართლოში უჩივის და დეპუტატისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
„მოვითხოვ, რომ ამ ქალბატონმა საჯაროდ ბოდიში მომიხადოს, რადგან პიროვნული ღირსება შემილახა!“ – აცხადებს მოქალაქე აკაკი ხაფავა, რომელიც თბილისში, დოლიძის ქუჩაძე მდებარე სკვერში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ამომრჩეველთან შეხვედრას ესწრებოდა.
აკაკი ხაფავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში იმ შეხვედრის დეტალებს იხსენებს. შეხვედრა დოლიძის N11-ში, პატარა სკვერში შედგა, სადაც ამ უბნის მცხოვრებლები დომინოსა და ნარდს თამაშობენ.
როგორც ხაფავა ინტერვიუში ამბობს, იგი თავდაპირველად თავადვე მივიდა სევდია უგრეხელიძესთან და მისი ძმის, მინდია უგრეხელიძის შესახებ ესაუბრა. მისივე თქმით, მისი შვილის გამორჩეული ლექტორი მინდია უგრეხელიძეა და მინდია უგრეხელიძის მიმართ დადებითი ემოციები გამოუხატავს.
„თქვენი ძმა მინდია უგრეხელიძე ჩემი შვილის საყვარელი ლექტორია, მისი ნაჩუქარი წიგნები სახლში გვაქვს და ბატონ მინდიას, როგორც გამოჩენილ იურისტს დიდ პატივს ვცემ-მეთქი. ქალბატონმა სევდიამ მითხრა, რომ თვითონაც იურისტია და ადამიანის უფლებებს იცავს. ამის საპასუხოდ მივუგე – 9 წლის განმავლობაში, როცა „ნაციონალები“ იყვნენ ქვეყნის სათავეში, ათიათასობით ადამიანი იჯდა ციხეში, მათგან ნახევარი უსამართლოდ იყო დაპატიმრებული, პატიმრებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, უდანაშაულო ბიჭები ქუჩაში დახოცეს და თქვენ, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველს, ერთხელ თუ ამოგიღიათ ხმა, რომელიმე ნაწამები ან გაუპატიურებელი ადამიანის უფლება თუ დაგიცავთ-მეთქი?! შევატყვე, რომ ჩემი შეკითხვა არ ესიამოვნა და თავის გარშემო კანტიკუნტად მდგომ ხალხს მიმართა – ეს კაცი სუს-ის აგენტია, რომელიც შეხვედრის ჩასაშლელად მომიგზავნესო. ამაზე ჩემს უბნელ „ნაციონალებსაც“ კი გაეცინათ, რადგან მიცნობენ და იციან, ვინც ვარ, სევდია უგრეხელიძეს ვუთხარი, შეკითხვას ნუ გაურბიხართ, პასუხი გამეცით-მეთქი?!
ამის შემდეგ მომიტრიალდა და მითხრა – „თქვენ თუ ნახმარი ხართ, ცნობა მომიტანეთ და მერე დაგიცავთო!“ – აცხადებს მოქალაქე აკაკი ხაფავა.
მისი თქმით, ამის შემდეგ სევდია უგრეხელიძემ პატრულის ბრიგადა გამოიძახა. ამ საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გადაიდო, რომელიც რამდენიმე დღეში განახლდება. საქმის მასალების მიხედვით აკაკი ხაფავას სსკ-ის წვრილმანი ხულიგნობის ბრალდება აქვს წაყენებული. „წვრილმან ხულიგნობას მედავებიან, რაც ყოვლად აბსურდია, რადგან მსგავსი არაფერი ჩამიდენია. კიდევ ვიმეორებ – მოქალაქემ პოლიტიკოსს კითხვა რომ დაუსვას, ეს დანაშაულია? „ნაციონალებმა“ საქართველო გააუბედურეს, ხალხი გაამწარეს და იმის უფლებაც არა გვაქვს, რომ ვკითხოთ, ამას რატომ სჩადიოდნენ?!“ – აცხადებს აკაკი ხაფავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები