პრემიერი: 2017 წელს ვგეგმავთ, შიდა ქართლის დევნილები საცხოვრებლით უზრუნველვყოთ

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წელს იგეგმება, რომ შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა მთლიანად გადაიჭრას. ამის შესახებ მან გორში დეპუტატების წარდგენისას ისაუბრა.
„მინდა მივესალმო დევნილებს და მადლობა ვუთხრა მათ გამძლეობისთვის. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მათ ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნათ. ჩვენ ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადავეცით ბინა და დღეს ეს ხალხი საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობს. დაგეგმილი გვაქვს, 2017 წელს მთლიანად გადავჭრათ შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა. ჩვენ ყურადღებას და მზრუნველობას არ ვაკლებთ საზღვრისპირა სოფლებს, განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეუმსუბუქებს ცხოვრებას ჩვენს ხალხს, რომლებსაც მორალურადაც და ფიზიკურადაც ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მინდა მათ ვუსურვო გამძლეობა და ვუთხრა, რომ სახელმწიფო მათ გვერდზეა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა გორში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას. მისი თქმით, საოკუპაციო ზოლთან არსებულ ყველა, 56 სოფელში დასრულდა გაზიფიცირება, ასევე გამრციხველიანება. „19 სოფელში მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, 2017 წლის ბოლომდე კი ყველა სოფელს ექნება წყალი. 17 სოფელში ავაშენეთ ახალი ამბულატორია. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და ვეხმარებით ამ ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში და ვაფინანსებთ სტუდენტების საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლის საფასურს. მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ მორალური ტვირთი ამ სოფლების მოსახლეობას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები