რა მოთხოვნას უყენებენ მოსამართლეები გიორგი პაპუაშვილს?

სააგენტო „პრაიმტაიმნიუსს“ ხელში ჩაუვარდა წერილი, რომელსაც ხელს რამდენიმე მოსამართლე აწერს. ამ წერილით ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავენ. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ. ხელმომწერთა შორის არიან:  ზაზა   თავაძე,ლალი ფაფიაშვილი,   თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა, მერაბ ტურავა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს
ბატონ გიორგი პაპუაშვილს
ბატონო გიორგი,

საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის პროცესში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვაიძულებს მოგმართოთ აღნიშნული განცხადებით.

ზოგადად სასამართლო, ასევე მისი თითოეული მოსამართლე უნდა იყოს უზრუნველყოფილი გონივრული ვადით, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს სრულყოფილად მოახდინოს განსახილველი საქმის მასალების შესწავლა და აქედან გამომდინარე არაფორსირებულად, მშვიდ გარემოში შეძლოს გაანალიზებული გადაწყვეტილების მიღება განსახილველ საქმესთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციური კონტროლის ჯეროვანი განხორციელების და კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფის უპირატეს გარანტს.

ჩვენი აზრით, არაერთგვაროვანია სასამართლოს მიდგომები საქმეთა გადაწყვეტასთან დაკავშირებით. თითოეული ჩვენთაგანისათვის ცნობილია, რომ საქმის გადაწყვეტა საჭიროებს მასთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფილ, ამომწურავ შესწავლას, რისთვისაც აუცილებელია გონივრული დრო. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად, სასამართლოს სხვა წევრების აზრის გათვალისწინების გარეშე, იმგვარად განსაზღვრა, რომ მოხდეს გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით იმ საქმეეზე, რომლებიც არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი, მითუმეტეს იმ ფონზე,  რომ, სხვა გაცილებით უფრო ადრე შემოსული ძველი (თუმცა ე.წ. პოლიტიკური ნიშნის არმქონე)  საქმეები უკვე საკმაო პერიოდია თავიანთი განხილვა/გადაწყვეტის რიგს ელოდებიან. თუმცა, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზით, მათზე წინსწრებით ხდება თქვენი მხრიდან რიგი საქმეების გამორჩევა და მათი დაჩქარებული განხილვის რეჟიმში გადაყვანა.   მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი აქვს არაერთი საქმე, რომლის განხილვაც გაცილებით ადრეა დაწყებული, ხოლო ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით მოსამართლეებისათვის გადაწყვეტილების პროექტებიც კი არის დარიგებული. უფრო კონკრეტულად კი, მაგალითად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებული N679-ე სარჩელი სასამართლო პლენუმმა განიხილა 2016 წლის 16 ივნისს, პრაქტიკულად მე-2 დღესვე, მისთვის (პლენუმისთვის) განსახილველად გადაცემიდან (ვინაიდან სწორედ წინა დღეს – 15 ივნისს პლენუმმა დააკმაყოფილა ამავე სასამართლოს ერთ-ერთი წევრის  შუამდომლობა აღნიშნული საქმის პლენუმზე გადაცემის შესახებ), რაც პრაქტიკულად უპრეცედენტო შემთხვევაა და სხვა შემთხვევებში პლენუმს, მის წარმოებაში მყოფ საქმეებზე ყოველთვის ჰქონდა გონივრული, რამდენიმე თვიანი ვადა როგორც განხილვებისთვის, ისე გადაწყვეტილების მისაღებად. აგრეთვე,   პლენუმისთვის იმავე წესით, ასევე 15 ივნისს გადაცემულ სხვა სარჩელებზეც (კერძოდ, „ტელეკომპანია საქართველო“-ს #720/721-ე სარჩელებზე)  ასევე უპრეცენტოდ მყისიერად ანუ საქმის გადაცემიდან მე-3 დღეს ანუ 17 ივნისს   მოხდა საქმის განხილვის დაწყება. ასევე შესამჩნევად დაჩქარებულ რეჟიმში (1 თვესა და რამდენიმე დღეში) 2016 წლის 21 ივლისს დაიწყო პლენუმზე კვლავ იმავე დღეს (15 ივნისს გადაცემული) საქმეების განხილვა #740/764-ე გაერთიანებულ  სარჩელზე (მოქალაქეების გ. უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულების ნ. კაიშაური, დ. წიფურია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და ამ საქმეზეც შემდგომი სხდომა საკმაოდ შემოკლებულ ვადაში 2 აგვისტოს ჩაინიშნა.

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან, გამომდინარე, იკვეთება ტენდენცია, რომ ე.წ. „პოლიტიკური ნიშნის შემცველ“ მითითებულ საქმეებზე როგორც მოხდა მათი უპრეცენტოდ სწრაფი განხილვა, ასევე მაღალი ალბათობით მოსალოდნელია მათზე გადაწყვეტილების მიღების, საკონსტიტუციო სასამართლოს პრქტიკისგან განსხვავებულ, დაჩქარებულ რეჟიმში მოქცევა, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. როგორც მინიმუმ, პლენუმს უნდა ჰქონდეს როგორც საქმის განხილვისთვის, ისე გადაწყვეტილების მისაღებად გონივრული (არანაკლებ იგივე რამდენიმე თვიანი) ვადები, რაც ამ საქმეებზე განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად 1-ელ კოლეგიას ჰქონდა და არანაირად არ უნდა მოხდეს ამ პროცედურების ფორსირება, რათა მოსამართლეებმა შეძლონ მშვიდ, არადაძაბულ რეჟიმში გადაწყვეტილების მიღება. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სწორედ ამავე საქმეებს 1-ლი კოლეგია იხილავდა თვეების განმავლობაში, რისთვისაც ჩატარდა არაერთი სხდომა და  როდესაც ასევე მოსამზადებელია  პოზიციები აგრეთვე პლენუმის გადასაწყვეტ სხვა საქმეებთან მიმართებაშიც.

ასევე მნიშვნელოვანია, დროულად გაირკვეს საკითხი 764-ე კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამრთლოში რეგისტრაციის შემდგომ გამოცვლის და იგივე ნორმით რეგისტრაციის შესახებ. ცალსახაა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარებული პრაქტიკა, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა დაუშვებელია, რაც როგორც გაცხადდა, განხორციელდა აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტი გაჟღერდა სხდომაზე მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ, ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია თქვენს მიერ განხორციელდა თუ არა დისციპლინური მოკვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  და  რა იქნა დადგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, იმგვარად იქნეს განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მუშაობის დღის წესრიგი, რომ
1. საქმეების განხილვა/გადაწყვეტის პროცესი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს იყოს რიგითობის და თანმიმდევრობის პრინციპთან
2. უზრუნველყოფილ იქნეს მოსამართლეებისათვის ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა, ჩვენი აზრის გაუთვალისწინებლად, ერთპიროვნულად  და ფორსირებულად არ ხდებოდეს საკოსტიტუციო სასამართლოს საქმეთა განხილვის განრიგის მართვა/შედგენა.
3. მსგავსად კოლეგიისა, რომელსაც ამ საქმეებზე დასჭირდა რამდენიმეთვიანი ვადა, პლენუმს მიეცეს მსგავსი გონივრული (არანაკლებ იმ დროისა, რაც სწორედ ამ საქმეებზე  ჰქონდა კოლეგიას) ვადა საქმეების შესწავლისა და გაანალიზებული გადაწყვეტისათვის და ხელოვნურად არ მოხდეს მისი შეზღუდვა დროში, გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარების კუთხით. (ასე მაგალითად, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს 1-ელ კოლეგიას #679-ე სარჩელზე (რუსთავი2-ის სარჩელი) საქმის განხილვას მოანდომა დაახლოებით 7 თვეზე მეტი დრო, ხოლო ამის შემდეგ კი ეს საქმე უკვე გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ამ უკანასკნელს ლოგიკურია, რომ ამ საქმის გადაწყვეტისთვის მიეცეს არანაკლებ იმ დროისა, რაც კოლეგიას დასჭირდა  და ხელოვნურად არ ხდებოდეს საქმის განხილვის მაქსიმალურად დაჩქარება და შესაბამისად ამისათვის დაძაბული ფონის შექმნა).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 21 ივლისის განცხადების შემდეგ (რომელშიც მან ისაუბრა  მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტების ირგვლივ) საჭიროდ მიგვაჩნია ე.წ. პოლიტიკური ნიშნის მატარებელ ყველა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დაელოდოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ამ საკითხის სრულყოფილად შესწავლას და ამ საქმეების გადაწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ მოხდეს, როცა გადამოწმდება და დასრულდება სათანადო ორგანოების მხრიდან სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მოყვანილი ზეწოლის ფაქტების სინამდვილე, რათა გამორიცხულ იქნეს ყოველგვარი ეჭვები მოსამართლეების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით.

იმედი გვაქვს, გაითვალისწინებთ ჩვენს საფუძვლიან  და დასაბუთებულ პოზიციას და მოგვეცემა საშუალება, თანმიმდევრობის და რიგითობის პრინციპის  შეძლებისდაგვარად დაცვის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღოთ სასამართლოს სამუშაო დღის წესრიგის შემუშავება/დაგეგმვაში, და გვექნება დაუჩქარებლად, მშვიდ რეჟიმში  საქმის სრულყოფილი შესწავლის, მასზე საფუძვლიანი მსჯელობის და გაანალიზებული გადაწყვეტილების გონივრულ (არაფორსირებულ) ვადაში მიღების შესაძლებლობა, რის გარეშეც კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელება შეუძლებლად მიგვაჩნია.

სასამართლოს წევრები:

ზაზა   თავაძე
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი
ოთარ სიჭინავა
მერაბ ტურავა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები