ლავროვი – რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად არის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არის, მაგრამ ამას „თბილისის პოზიცია ხელს უშლის“. ამის შესახებ ლავროვის მიერ რუსეთის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წერილზე პასუხშია აღნიშნული.
„ოფიციალური თბილისი კვლავ მოითხოვს მოსკოვის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას. მათ იციან, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელი წინაპირობაა“, – აცხადებს ლავროვი.
რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ასევე გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის მარტში მიღებული რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ითვლება დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.