პიტერ სიიარტო: საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია

„საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ ვგულისხმობთ ამ სიტყვებს პირდაპირი გაგებით“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ამბასადორიალი 2016“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირი გააკრიტიკა, რომელიც, სიიარტოს აზრით, მზად არ აღმოჩნდა გამოწვევებთან გასამკლავებლად.
მისი თქმით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს გაფართოებას, თუმცა ბრიუსელში ამ აზრს ყველა არ იზიარებს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა განყენებულია ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებისგან. ის თითქოს ბოლომდე ვერ აღიქვამს, რა უნდა მის მოსახლეობას. ვფიქრობ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა დასკვნა ვერ გააკეთეს თავისი მუშაობიდან. რაც შეეხება გაფართოებას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის გაფართოება აბსოლუტურად აუცილებელია, თუმცა ევროსტრუქტურებში ფიქრობენ, რომ ეს ცუდი აზრია, რადგან ჩვენ ახლა გვაქვს პრობლემები და სჯობს ჩაკეტილები ვიყოთ. უნგრეთის პოზიცია, რომ ახლა სწორედ სათანადო დროა, უფრო შემოქმედებითად მივუდგეთ საკითხს და მოვიზიდოთ მეტი წევრები, რადგან რაც უფრო მეტნი ვართ, უფრო ძლიერები ვართ. ჩვენი პოზიცია ასეთია არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ ნატოსთან მიმართებაშიც. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ ჩვენ უნდა გავფართოვდეთ და რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
მინისტრის განცხადებით, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებული საკითხია ვიზალიბერალიზაციაც, სადაც საქართველომ ვალდებულებების შესრულების მხრივ წარმატებას მიაღწია, თუმცა ევროკავშირისგან საპასუხო რეაქცია უვიზო მიმოსვლის სახით ჯერ კიდევ ვერ მიიღო.
„მაგალითად, უნგრელებს გვეუბნებიან, რომ პრორუსულად ვიქცევით და უფრო მეტი დაბრკოლება უნდა შევუქმნათ რუსულ პროპაგანდას, მაგრამ ნახეთ, თვითონ ევროკავშირი რას აკეთებს, როდესაც აყოვნებს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს? ეს ხომ საფრთხეს უქმნის თვითონ ევროკავშირის სანდოობას, თუ ახლა სხვა ქვეყანებთან გექნებათ მოლაპარაკებები. ევროპული და ევროატლანტიკური მხარდაჭერის ციფრები არ არის ისეთი მაღალი, როგორც თავდაპირველად. იგივე იყო უნგრეთში. დიახ, მერე ხალხი იწყებს იმედგაცრუებას. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ ვგულისხმობთ ამ სიტყვებს პირდაპირი გაგებით – დაუყოვნებლივ და არა ბრიუსელის გაგებით – დაუყოვნებლივ, თვეების მერე“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და მაპის მიღების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები