ნუკრი ქანთარია: თუკი მოსამართლეები არაფერს იტყვიან, პროკურატურამ რა უნდა ქნას

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, პრეზიდენტის ბრალდებები და ამ ბრალდებებში პროკურატურის ჩართვა წინასაარჩევნო კამპანიის ჭრილში უნდა იქნას განხილული, საზოგადოება კი დასკვნებს თავად გამოიტანს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვალდებულებების ქვეშ იმყოფება და მის ქცევას ახსნა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ საწყენი პრეზიდენტის გამოხმაურება იყო, რომ მოსამართლის ზეწოლა რა მოსატანია პრეზიდენტის ზეწოლასთან, როცა მისი ოჯახის წევრი სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს და გაუშვეს.
„როდესაც საარჩევნო კამპანია მშვიდად მიმდინარეობს და ამას აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როცა მედია სასკანდალო თემას ეძებდა, ამ დროს გამოდის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და ამბობს, ჩემს მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდებაო. არავითარ შემთხვევაში არ ამბობს, რა ზეწოლაა, რომელ მოსამართლეზეა, არც პროკურატურაში მიდის. შემდეგ პრეზიდენტი გამოდის და საზოგადოებას ამცნობს, ეს რა ზეწოლაა, მე რომ განვიცდი ზეწოლა ის არის, ჩემი ოჯახის წევრი დააკავეს, გაჩხრიკეს და გაუშვესო. რა უნდა იფიქროს მოქალაქემ, ან სხვა ქვეყნის ორგანიზაციებმა?“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
პარლამენტარის აზრით, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი საქციელი ქვეყნის იმიჯს არ ემსახურება.
„ეს არის დილეტანზიტიზმი, ან შორსმიმავალი გეგმის ნაწილი, სადაც ერთვება წარმოსახვა, რომ გიორგი მარგველაშვილი ადრე გიგა ბოკერიას საიდუმლოდ შეხვდა და ნეტა რა ილაპარაკეს, იქნებ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, გამოვიდეს დაფინანსებული „ქართული მაიდანი“ და ფილმის დასასრულს სააკაშვილი -მარგველაშვილი ერთმანეთს პაატა ბურჭულაძის არიის ფონზე გადაეხვიონ. ასეთია ფილმის დასასრული. ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამაზე წერტილის დასმა. პროკურატურა ჩართულია საქმეში და თუკი მოსამართლეები არაფერს იტყვიან, პროკურატურამ რა უნდა ქნას. ე.ი. თემა აიწია თემისთვის, ჩამოეკიდა ზედ სხვადასხვა პარტია და მიდის ვერსიების გამოგონება. ბუნებრივია, ამ თემის განხილვა საარჩევნო კამპანიის ჭრილში უნდა მოხდეს. საზოგადოებამ კი, დასკვნები თავად გააკეთოს“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები