ალექსი პეტრიაშვილი: რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას
რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას განაგრძობს, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსული „გაზპრომის“ მხრიდან ცხინვალში საკუთარი ფილიალის გახსნასა და ადგილობრივი მოსახლეობის გაზით მომარაგების სურვილს უკავშირება.
ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, „გაზპრომი“ კრემლის ადმინისტრაციის ხელში ძალიან სერიოზული პოლიტიკური ზემოქმედებისა და იმაზე არანაკლები ძალის მქონე ინსტრუმენტია, ვიდრე 58-ე არმია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და დღემდე აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას.
„რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და თავისი საოკუპაციო პოლიტიკის განხორციელებას. მას რომ ჰქონდეს პოლიტიკური ნება და მისი ამ ტიპის პროექტები მართლა ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურებოდეს, საქართველოს ხელისუფლება ყველა ეტაპზე მზად იყო ცხინვალისა და სამაჩაბლოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფისთვის. ეს არის რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი ცხინვალის რეგიონის მეტი ხარისხით ანექსირებისთვის“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.