ალექსი პეტრიაშვილი: „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბარიერს კარგად გაცდენილი ვართ

“თავისუფალი დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს შორის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ მესამე ადგილს მყარად ინარჩუნებს. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა დროს ჩატარებული შიდა კვლევების მიხედვით, საარჩევნო ბარიერს კარგად გაცდენილია.
„ბარიერს კარგად გაცდენილი ვართ და მყარი პოზიცია გვიკავია „პირველ სამეულში.“ სხვაობა ამ სამ პოლიტიკურ ძალას შორის არცთუ ისე დიდია. ყველაზე დიდი პოზიტივია, რომ ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენი პარტიის მიმართ 0 -თან არის გათანაბრებული, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველს „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება საერთოდ არ გააჩნია. ამაში კი, ნამდვილად ვართ ჩემპიონები. მეორე არჩევანში ყველა კვლევის მიხედვით, ჩვენი პარტია პირველ ადგილზეა“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ შიდაპარტიული კვლევის შედეგებს „ვარდისფერი სათვალით“ არ უყურებს, რადგან მზარდი პოტენციალის გასაზრდელად პარტიას ბევრი სამუშაო აქვს.
„არც ცხოვრებას და არც პოლიტიკას ვარდისფერი სათვალით არ ვუყურებ. გვაქვს ბევრი სამუშაო, რათა პარტიის მზარდი პოტენციალი გავაუმჯობესოთ. საუბარი ბარიერის გადალახვაზე არ არის, არამედ ჩვენი ამბიცია და რეალური გეგმა არის ის, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ გარეშე მთავრობის ფორმირება ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლოს“, -განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები