ალექსი პეტრიაშვილი: გამოძიება ფარულ ჩანაწერებზე, თვალთვალზე, უკანონო მოსმენებზე ბუნდოვანებით არის მოცული

„კონკრეტულად ჩემი და ჩემი მეუღლის შემთხვევასთან მიმართებაში პროკურატურამ ჩაატარა გამოკითხვა, ალბათ, კონკრეტული ადამიანები დაიკითხნენ და ამის იქით საქმე არ წასულა. რეალურად როდესაც ქვეყანაში ხდება ორი ადამიანის ვაიბერ-მიმოწერის გაშიფვრა, ორი ადამიანის კომუნიკაციის ხელში ჩაგდება მესამე პირის მიერ, ამაზე გამოძიებას ძალიან სწრაფი რეაგირება სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, არ მინახავს“,- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმითაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოუდგენელია.
თინა ხიდაშელმა ამ თემაზე განმარტებები დღეს ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა და აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებული არ არის.
ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, სხვა მოქალაქეების მსგავსად, თინა ხიდაშელის განცხადებაშიც მაღალი ინტერესი არსებობს და საჭიროა დროული პასუხები იყოს გაცემული პროკურატურის მხრიდან, რატომ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რა ეფექტის მომტანია გამოძიებისთვის, რის საფუძველზეც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
„საპროცესო შეთანხმების გაფორმება ხდება მაშინ, როდესაც პირი თანამშრომლობს გამოძიებასთან, აწვდის ინფორმაციას და იმხელა სარგებელი მოაქვს გამოძიებისთვის, რომ უფრო დიდი დანაშაულის, ან მისი ჩამდენის გამოვლინება ხდება. ზოგადად, გამოძიება ფარულ ჩანაწერებზე, ვიდეოს ატვირთვაზე, თვალთვალზე, უკანონო მოსმენებზე, ბუნდოვანებით არის მოცული. თავიდანვე იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. პირველად დააკავეს სრულიად გაუგებარი ჯგუფი, რომელსაც ამ საქმესთან, მგონი, შეხებაც არ ჰქონდა. შემდეგ დააკავეს ჯგუფი და ახლა ვიგებთ, რომ უკვე საპროცესო შეთანხმებით ხდება ადამიანების გათავისუფლება. კონკრეტულად ჩემი და ჩემი მეუღლის მიმართებაში პროკურატურამ ჩაატარა გამოკითხვა, შემდეგ ალბათ, კონკრეტული ადამიანები დაიკითხნენ და ამის იქით საქმე არ წასულა. როდესაც ქვეყანაში ხდება ორი ადამიანის ვაიბერ-მიმოწერის გაშიფვრა, ორი ადამიანის კომუნიკაციის ხელში ჩაგდება მესამე პირის მიერ, ამაზე გამოძიებას ძალიან სწრაფი რეაგირება სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, არ მინახავს“,- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები